სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას პატიმრობა 3.5-წლიანი პირობითი სასჯელით შეუცვალა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტსა და უფლებადამცველს ხადიჯა ისმაილოვას, რომელიც 2014 წლის დეკემბრიდან სასჯელს იხდის, დღეს, 25 მაისს სასამართლომ პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელით შეუცვალა.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი სამირა აგაევა ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ხადიჯა ისმაილოვა სასამართლო დარბაზში არ იმყოფებოდა.

“ის ამჟამად კოლონიაშია ისევ, თუმცა, გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მოულოდნელი იყო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება”, – ამბობს სამირა აგაევა.

ხადიჯა ისმაილოვას დედა სასამართლოს შენობის წინ. ფოტო: სამირა აგაევა

ხადიჯა ისმაილოვას დედა სასამართლოს შენობის წინ. ფოტო: სამირა აგაევა

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელსაც 2015 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას ადვოკატირების ინიციატივით ადვოკატი ამალ კლუნი 2016 წლის იანვარში გამოვიდა. უფლებადამცველი, იურისტი ამალ კლუნი ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას უფლებების დაცვისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი