“ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ?” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ომარ ნიშნიანიძემ კორცხელის ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.
ომას ნიშნიანიძის თქმით, მთელი საქართველო იმათ ხელებს ლოცავს, ვინც კორცხელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სცემა:
“დროზე უნდა გალახულიყვნენ, თავის დროზე უნდა დასჯილიყვნენ და დღეს ეს არ მოხდებოდა. ცხრა წლის განმავლობაში გვცემდნენ და რატომ გიკვირთ, რომ ახლა ხელი შევუბრუნოთ მათ? ნუ გაგიკვირდებათ, ეს ბუნებრივია. მოდი, ჯერ დავსაჯოთ ისინი, ვინც 2012 წელს თავები დაგვიხეთქეს ქვებით კარალეთში. თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, ის ხალხი დაესაჯათ. მერე დააყენონ იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს [სპორტსმენი] ბიჭები გააგზავნა სამეგრელოში და მერე კი, ბატონო, ამ ბიჭებსაც ვუთხრათ, თუ გინდა ყური ავუწიოთ, მე ვიტყოდი – დავარიგოთ, რომ არჩევნების დღეს და არჩევნების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორემ ისე საცემები არიან. მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ, ნამუსი ჰქონდეთ, შუბლზე ძარღვი ჰქონდეთ, საერთოდ არ უნდა ჩნდებოდნენ ხალხში.”
ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების დასჯა სწორი არ იქნება:
“რეაგირება იქნება, არ დაახანებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით თავის მართლების რეჟიმში, “ქართული ოცნება” არ უნდა იყოს შეშინებული. მთელი საქართველო მათ ხელებს ლოცავს, ვინც ბოკერია და სხვები გალახა. ჩვენ ვის ვსჯით, მათ ვსჯით? არ იქნება ეს სწორი. მე არ ვამბობ, რომ გინდა თუ არა ამ ფაქტს მივესალმები. რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში, მაგრამ დასასჯელი ისინი იყვნენ. თავის დროზე რომ ეს მომხდარიყო, სამართლიანობა აღმდგარიყო, მაშინ დღეს ეს [ცემა] ნაკლებად მოხდებოდა.”
სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერ ჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.
შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ცემის მუხლით აღძრული საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.