ახალი ამბები

გურამ ჩალაგაშვილი ენმ-დან წამოსვლის მიზეზებზე [აუდიო]

25 მაისი, 2016 • 1856
გურამ ჩალაგაშვილი ენმ-დან წამოსვლის მიზეზებზე [აუდიო]

გურამ ჩალაგაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა და გიორგი ვაშაძის გუნდს შეუერთდა. ჩალაგაშვილი სემეკის ყოფილი თავმჯდომარეა. პარტიაში 2014 წელს გაწევრიანდა და, როგორც თვითონ ამბობს, გურიის რეგიონალურ კურატორად მუშაობდა.

პარტიის დატოვების მიზეზად ჩალაგაშვილი იმავე საკითხებს ასახელებს, რაზეც თავის დროზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა: “კაბინეტური მმართველობა”, “დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტილებების მიღება” და ა.შ. ჩალაგაშვილის თქმით, “საქართველოში მყოფი” რამდენიმე ადამიანი დახურულ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ პარტიის სხვა წევრების აზრით არ ინტერესდება. ჩალაგაშვილმა ნეტგაზეთთან დააკონკრეტა, რომ ამ ადამიანებში არ მოიაზრებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს:

“[სააკაშვილი]მსოფლიო დონის ერთ-ერთი ძლიერი პოლიტიკოსია და ნამდვილად არ მგონია, რომ მას რაიმე შიში ჰქონდეს იმისა, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს პარტიას. მას არანაირი გამოწვევის არ ეშინია, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც საქართველოში მართავენ პარტიას”, – ასე უპასუხა მან შეკითხვას იმის შესახებ, ხომ არ ესაუბრა სააკაშვილს მანამ, სანამ პარტიიდან წავიდოდა.

ჩალაგაშვილის საუბრის სრულ ვერსიას შეგიძლიათ მოუსმინოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:

ჩალაგაშვილის თქმით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო, თუმცა მხოლოდ ახლა ნასაკირალში ჩატარებული საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულების გამო გაახმაურა. მისი თქმით, ენმ-ს სახელით ნასაკირალში კენჭს მისი მეგობარი ბესო ქათამაძე იყრიდა, რომელსაც ბოლომდე ედგა გვერდში.

 

“ქვეყნის მთავარი პრობლემა  არის ივანიშვილის მავნებლური და უუნარო ხელისუფლების სახლში გშვება. ნაციონლაურ მოძრაობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ვერ ვნახეთ ვერავითარი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების სახლში გაშვება. რამდენიმე ადამიანი მიკეტილ კარს მიღმა იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის სახელით. მათ არ აინტერესებთ სხვა ადამიანის აზრი. განახლება, ახალი სახეები, ის ხალხი, ვინც არაერთი რეფორმა გავატარეთ წლების განმავლობაში, ამ ადამიანებისთვის ამ ხალხის აზრი საერთოდ უინტერესოა”, – ამბობს ჩალაგაშვილი.

იგი უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარტიიდან საარჩევნო სიაში ვერმოხვედრის გამო წავიდა. ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის შესახებ ფეისბუკზე მის მიერ დაწერილი საჯარო პოსტი გახდა რაიმე სახის კონფლიქტის საგანი.

“ვერაფერს ვიტყვი. ყველა ცხადად ხედავს, როგორი განახლებებია პარტიაში, რამდენად გამჭვირვალეა მართვის ის მოდელი, რომელიც ჩვენთანაა დანერგილი და რამდენად გახსნილია პარტია ახალი ადამიანებისთვის. სხვას ვერაფერს ვიტყვი. საწყენია, რომ კონკრეტული ადამიანი წავიდა”, – ამბობს ნეტგაზეთთან ენმ-ს აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი.

გიორგი ვაშაძემ, რომელმაც ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნა დააანონსა, ენმ  5 მაისს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი