საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 24 მაისს განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს.
მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა, ასევე სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, კონსულტაციის შედეგად ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია.
მინისტრის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება ძალადობა, ან ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, ან აგიტაციის ადგილას, ან თუნდაც მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თეა წულუკიანი განმარტავს, რომ ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი და სანქცია დამოკიდებული იქნება დანაშაულის მასშტაბებზე.
“თუკი საქმე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია 4 წლამდე პატიმრობაზეც კი გავიდეს. ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, სადაც პირს არ მიუღია ფიზიკური დაზიანება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასჯელი, რომელსაც ექნებოდა გადამარწმუნებელი ეფექტი, შეიძლება იყოს ჯარიმა და ორ წლამდე პატიმრობა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის განცხადებით, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ჩამოყალიბებული პოზიციის პროექტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად 27 მაისის მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.