საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის პრესასამსახურში ასევე განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულზე შიდა ძებნა გამოცხადდა.
პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო.
პროკურატურის ვერსიით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორია შემდეგ ვითარებაში მოკლეს:
“2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები – ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა,”- აცხდებს პროკურატურა.