ახალი ამბები

თავდაცვის კომიტეტი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების საკითხს განიხილავს

23 მაისი, 2016 • 1250
თავდაცვის კომიტეტი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების საკითხს განიხილავს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა, რომელზეც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების საკითხს განიხილავენ, მედიისთვის დაიხურა. შესაბამისი ინიციატივით კომიტეტს ირაკლი სესიაშვილმა მიმართა. კენჭისყრისას კომიტეტის წევრებმა ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების საკითხზე მოხსენებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე გააკეთებს. სხდომას ასევე ესწრება “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი.

18 მაისს, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, გათავისუფლების მიზეზი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოქმედების პრობლემებია.

მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით,   გენერალური ინსპექცია კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს პრესსამსახურმა 16 მაისს გაავრცელა:

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას დევალა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში შეისწავლოს კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი