ახალი ამბები

“უცნობი” “მაესტროს” წილს ყიდის

30 ნოემბერი, 2011 •
“უცნობი” “მაესტროს” წილს ყიდის

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 30 ნოემბერს,  ხარვეზის გასწორების შემდეგ, დაარეგისტრირა ლევან ჩიკვაიძის განცხადება „მაესტროს“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“, საკუთრებაში არსებულ 25%–ან წილს არხის სხვა პარტნიორები – მამუკა ღლონტი, ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე და ეკატერინე აკობია– ყიდულობენ, თუმცა ოფიციალურად ეს წილი მათ საკუთრებაში 2012 წლის 10 დეკემბრამდე გადავა, მანამდე კი, “უცნობის” წილი მართვის უფლებით ილია კიკაბიძეს – „მაესტროს“ გენერალურ დირექტორს გადაეცა.

რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „მაესტროს“ ამ დრომდე კვლავაც 6 მფლობელი ჰყავს: მამუკა ღლონტი (15%), ლევან ჩიკვაიძე (15%), გიორგი ებრალიძე (15%), ეკა აკობია (5%), მაკა ასათიანი (25%) და გიორგი გაჩეჩილაძე (25%), თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირებით მითითებულია, რომ გაჩეჩილაძის წილზე საკუთრების უფლება შეზღუდულია. კერძოდ, უკვე გაფორმებულია წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მამუკა ღლონტი “უცნობის” წილიდან მიიღებს 7,5%–ს, გიორგი ებრალიძე – 7,5%–ს, ლევან ჩიკვაიძე – 7,5%–ს და ეკატერინე  აკობია – 2,5%–ს.

რატომ გადაწყვიტა გია გაჩეჩილაძემ „მაესტროში“ თავისი კუთვნილი 25%–ანი წილის გასხვისება, უცნობია. „ნეტგაზეთმა“ მასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. გაჩეჩილაძემ „მაესტროს“ 50%–ანი წილი 2011 წლის 6 აპრილს 400 ლარად იყიდა (მაშინ მამუკა ღლონტმა კუთვნილი 38%–დან გაჩეჩილაძეს 23% მიყიდა; ლევან ჩიკვაიძემ – 4%, გიორგი ებრალიძემ – 23%). იმავე წლის 29 აპრილს კუთვნილი წილის 25% “უცნობმა” მაკა ასათიანს მიყიდა, ამჯერად კი დარჩენილი 25%–ის გასხვისებაც გადაწყვიტა.

შესაძლოა თუ არა, „უცნობის“ წილის კიკაბიძისთვის მართვის უფლების გადაცემა და შემდეგში გასხვისება რაიმე წინააღმდეგობაში მოდიოდეს, „მაესტროს“ მმართველი კომპანიის – „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ ინტერესთან? – ამასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ საუბარში მამუკა ღლონტი აცხადებს:

„მაგათ ვინ ეკითხება, ჩვენ, დამფუძნებლები ვის გადავცემთ მართვაში ჩვენს წილებს?! ეს ჩვეულებრივი პროცედურაა.“

„მაესტროს“ მმართველი კომპანიის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რომ წილების გადაცემის თაობაზე ინფორმაციას, რაზეც რეესტრში განცხადება გუშინ შევიდა, არაფერი იცოდა:

„მე არ ვერევი დამფუძნებლების კერძო საკუთრების უფლებებში, მათ შუძლიათ გაყიდონ ან გააჩუქონ წილი“.

მისივე თქმით, კომპანიის დამფუძნებლებსა და მას შორის დაპირისპირების მიზეზი ფულია, თუმცა „კონკრეტულად, უკავშირდება თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს, მე სახელების და გვარების დასახელებას არ დავიწყებ”, – აცხადებს კიწმარიშვილი.

უკავშირდება თუ არა ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელების შესახებ რეგისტრირებულ მონაცემებში განხორციელებული ცვლილებები არხის მესაკუთრეების ფინანსურ გარიგებას ბიძინა ივანიშვილთან? – ამ კითხვაზე „ნეტგაზეთს“ ბიძინა ივანიშვილის პრეს–სამდივნოში ასეთი პასუხი მისცეს.

„ბიძინა ივანიშვილსა და ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელებს შორის არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა არხის წილის შეძენასთან დაკავშირებით“.

ამასვე აცხადებს „მაესტროს“ ერთ–ერთი მფლობელი მამუკა ღლონტი:

„რა სისულელეა, არავითარი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან ფინანსურ გარიგებაზე საუბარი არ ყოფილა“.

„თუკი ჟურნალისტებს ექნებათ თავისუფლად მუშაობის საშუალება, მაგალითად, როცა ბიძინა ივანიშვილი ცუდ რამეს ჩაიდენს, ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, ეს გააკრიტიკონ და ჩვენ ვიქნებით თავისუფალნი ჩვენი პროფესიული მოვალეობების შესრულებისას და ამ პროფესიულ მოვალეობას ჰქვია სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისგანაც ავიღებთ დაფინანსებას“, – აცხადებს „მაესტროს“ არაოფიციალური თანამფლობელი მაგდა გახარია.

ოფიციალურად, ტელეკომპანია „მაესტროს“ ამ დრომდე ექვსი მფლობელი ჰყავს, თუმცა, მამუკა ღლონტის თქმით, ტელეკომპანია ათმა ადამიანმა დააფუძნა (ესენი არიან: მამუკა ღლონტი, ეკა აკობია,  ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე, ილია კიკაბიძე, მაგდა გახარია,  მალხაზ რუხაძე, კახა ოყვარაშვილი, ზურაბ ბითაძე და ელენე კვირცხალია), რომლებსაც თანაბრად ეკუთვნით „მაესტრო“.

„10 დამფუძნებელი ჰყავს „მაესტროს“. ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური შეთანხმება. მოვიპალარაკეთ წილების გაყოფაზე და ვერ მოვაბით იურიდიულად ამის გაფორმებას თავი,“ – ასეთია მამუკა ღლონტის განმარტება არხის არაოფიციალურ მფლობელებზე.

2009 წლის ნოემბერში ტელეკომპანია „მაესტრო“ მართვის უფლებით, სამი წლის ვადით, გადაეცა „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“, რომლის 100%–ანი წილის მფლობელი ეროსი კიწმარიშვილია, რომელიც მოგვიანებით “ქართულ პარტიას” ჩაუდგა სათავეში.

„მაესტროს“ მესაკუთრეები იყვნენ და არიან დამფუძნებლები, თუმცა მე გადმომცეს მათ ეს ქონება ფლობის, სარგებლობის და მართვის უფლებით, ანუ ყველაფერი, რაც აქ არის, არის ჩემი, სამი წლის განკარგვის უფლებით მართვაში აღებული საკუთრება. მათ არანაირი უფლება არ აქვთ, ხელი შემიშალონ, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ყველა დამფუძნებელი და მათი ოჯახის წევრები მუშაობენ ამ კომპანიაში, იღებენ კოლოსალურ ხელფასებს იმასთან შედარებით, რასაც იღებენ ჟურნალისტები. ესეც იყო ჩემი მხრიდან მათ მიერ გაკეთებული სიკეთე, თუმცა რეპორტიორებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს მეტად დაბალი ხელფასები აქვთ“, – აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ტელეკომპანია „მაესტროში“ ეროსი კიწმარიშვილი შევიდა და განაცხადა, რომ მან თანამდებობიდან დაითხოვა გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე და პროდიუსერი მამუკა ღლონტი. პარალელურად, „მაესტროს“ რეპორტიორებს არ მიეცათ შენობაში შესვლის უფლება და არხის მაუწყებლობა რამდენიმე საათით გაითიშა. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გუშინ საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაცემული ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან.

ეროსი კიწმარიშვილის კომპანია “მაესტროს” მართვის უფლება 2012 წლის 1 დეკემბრამდე აქვს, სწორედ ამის შემდეგ აპირებენ “უცნობისგან” ნაყიდი წილების საკუთრებაში გადაფორმებას მამუკა ღლონტი, ლევან ჩიკვაიძე, გიორგი ებრალიძე და ეკატერინე აკობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი