ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატები” შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

23 მაისი, 2016 • 1756
“თავისუფალი დემოკრატები” შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები მოუწოდებენ მთავარ პროკურატურას, რომ გამოძიება დაიწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

კერძოდ, როგორც პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რუსთავი 2-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” შსს-ს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, გიორგი ბაჯელიძის განცხადებების შემდეგ შსს-ში შესაძლო კორუფციული გარიგებების შესახებ, გამოძიება უნდა დაიწყოს.

“ბატონი ბაჯელიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ მას კონკრეტული თანამდებობის პირები შინაგან საქმეთა სმაინისტროში აიძულებდნენ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის გვერდით ავლით კონტრაქტი გაეფორმებინათ კონკრეტულ კომპანიასთან და მას განეხორციელებინა მომსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნის შემცველი და დღესვე პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან მიმართებაში. ასევე, აუცილებლად უნდა იქნას გამორკვეული ის საიდუმლო ბრძანება, რის საფუძველზეც, როგორც ჩანს, მოხდა მაინც ამ შესყიდვების გაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ შეეწინააღმდეგენ ის ადამიანები, ვისაც ამის უშუალო აღსრულება ეკისრებოდათ,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზურაბ აბაშიძემ კი განაცხადა, რომ ასევე ეჭვებს იწვევს “დელტაკომის” კომერციული დირექტორის, დავით ხუბულურის განცხადება იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის საფუძველზეც შემდგომში “კაბელების საქმე” დაიწყო და 5 მაღალჩინოსანი დააპატიმრეს, მონაწილეობა თავიანთი ნებით არ მიუღიათ. “კაბელების საქმეზე” გამოძიება პროკურატურამ სწორედ “დელტაკომის” საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

„დელტაკომის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია და რომ არა ღარიბაშვილი, ის ვერ მოაწესრიგებდა მის კომერციულ ინტერესებს. ეს საეჭვო და გამოსაძიებელია. ასევე ისიც, რომ მას არ უნდოდა კაბელების ტენდერში მონაწილეობა და იძულებული იყო, მოეღო მონაწილეობა, რაც ასევე ბადებს ეჭვებს, რომ მათივე საჩივარი, რის გამოც დაიწყო გამოძიება კაბელების საქმეზე, ესეც არის სავარაუდოდ შეთხზული. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გადაცემა პოსტსკრიპრუმში” გიორგი ბაჯელიძემ განაცხადა, რომ 2013 წელს შსს-ს გენერალური ინსპქციის დირექტორთან ზვიად ჯანყარაშვილთან, მის მოადგილე აკაკი ჩხენკელთან და შსს-ს საფინანსო დეპარტამენტის უფროსთან, ოთარ დანელიასთან შეხვედრაზე მას ჩხენკელმა მოსთხოვა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონის ავლით, კონკრეტულ კომპანიასთან გაეფორმებინა ხელშეკრულება. ბაჯელიძის განცხადებით, იგი შეხვედრაზე შეეწინააღმდეგა კონტრაქტის გაფორმებას და იკითხა, რომ შეეძლო თუ არა სხვა კომპანიებს, მაგალითად, “კავკასუს ონლაინს” და “სილქნეტს” ამ მომსახურების მიწოდება, რაზეც ჩხენკელმა ხაზგასმით უთხრა, რომ კონტრაქტი მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპანიასთან უნდა გაფორმებულიყო. ამის შემდეგ, მისივე თქმით, მიიღო საიდუმლო წერილობითი ბრძანება და  ეს კონტრაქტი მაინც გაფორმდა.

ამის შემდეგ, ბაჯელიძის განცხადებით, მისი დევნა დაიწყო და სხვა ტენდერის გამო დააკავეს და ციხეში ჩასვეს, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა.

გიორგი ბაჯელიძე არ აკონკრეტებს კომპანიას, რომელთანაც ჩხენკელი კონტრაქტის გაფორმებას ითხოვდა, თუმცა პოსტსკრიპტუმთან საუბარში “დელტაკომის” კომერციული დირექტორი, დავით ხუბულური არ უარყოფს, რომ კონტრაქტი მათთან გაფორმდა.

“კონტრაქტი, რომელიც ბაჯელიძემ გაახმოვანა, ნამდვილად შეიძლება არსებობდა. ბევრი კონტრაქტი იყო, მათ შორის, გრიფით საიდუმლო, რომელიც 2015 წლის 31 დეკემბერს საერთოდ შეჩერდა. 5 თვის განმავლობაში 1 თეთრი არ გადაუხდია შინაგან საქმეთა სამინისტროს,”- განაცხადა დავით ხუბულურმა.

მისივე თქმით, იგი შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და კომპანია “დელტაკომის” მძიმე ვითარებაზე ესაუბრა:

“ჩვენ ზუსტად იმისთვის, რომ პრობლემები არ შეგვექმნას, არავინ პატრონი არ გვყავს, არავინ მოწილე არ გვყავს, იმიტომ ვცდილობთ, რომ ეს სახელმწიფო სექტორი მოვიბათ მაქსიმალურად ჩვენზე, რომ ჩვენი შიდა ბიზნესრისკები დაზღვეული გვქონდეს. არ არის საქართველო ასეთი დემოკრატიული, გეთანხმებით. ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვლება, რა მოხდება, არ ვიცი.

ერთხელ შენახვედრი ვარ ჩვენს საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ გაგვაჩერეს 2012 წელს, გადაგვიარეს ზედ და მე ყოველ ღონეს ვხმარობდი, რომ ვიღაც ნათელ გონებამდე მიგვეტანა ის საკითხი, რომ ეს ყველაფერი, რაც მაშინ, აბსურდის თეატრი იყო დაწყებული, მომეგვარებინა და კომპანია გადამერჩინა გაქრობისგან. ერთხელ შემხვდა, მომისმინა, მითხრა, რომ ყველაფერი გასაგებია,”- განაცხადა დავით ხუბულურმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ეს განაჩენი უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, დაკავებული პირები კი – უდანაშაულოები არიან. “სასამართლომ ვერ გაუძლო პოლიტიკურ ზეწოლას” – განაცხადა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, ხოლო ISFED-ის წარმომადგენელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ სასამართლო უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ხელმძღვანელობდეს.

პარტია “თავსუფალი დემოკრატების” წევრებმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულეს.

18 მაისს “ეროვნულმა ფორუმმა” პრეზიდენტს ამ ადამიანების შეწყალებისკენ მოუწოდა. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საქმეს განსაკუთრებით დააკვირდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი