ახალი ამბები

ბესელია: კორცხელში მყოფი სპორტსმენები ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები არიან

23 მაისი, 2016 • 1515
ბესელია: კორცხელში მყოფი სპორტსმენები ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები არიან

“ისინი [კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები ] არიან ჩვენი პარტიის მხარდამჭერები და წევრები. პარტიის მხარდამჭერი რატომ არის საარჩევნო უბანზე – ასეთი კითხვა, არ მგონია, რელევანტური იყოს. იქ მხოლოდ სპორტსმენები არ იყვნენ,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ 22 მაისს კორცხელში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, ძალადობა “ქართული ოცნების” ხელწერა არ არის:

“ძალადობრივი გზით არჩევნების ჩატარება “ნაციონალური მოძრაობის” მახასიათებელი ბუნებრივი, თანამდევი სტილია. ჩვენ ვემიჯნებით და ცალსახად ვამბობთ, რომ ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, ძალადობას არანაირი გამართლება აქვს. გამოძიება დაწყებულია და ეს იმის პირველი ნიშანია, რომ რეაგირება მოხდა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ჩვენი ამოცანა არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა, “ქართულ ოცნებას” არ სჭირდება იმ ტიპის არჩევნების სცენარი, რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა.”

ბესელია მიიჩნევს, რომ კორცხელის ინციდენტი “ნაციონალური მოზრაობის” პროვოკაციის შედეგია:

“არსად მომხდარა მსგავსი ინციდენტი, გარდა იმ ერთი უბნისა, სადაც ბოკერია და მისი რაზმი იმყოფებოდა. დიახ, პროვოცირება მათგან იყო და, სამწუხაროდ, როდესაც ამ პროვოკაციას ცალკეული ადამიანი, საკმაოდ ცუდი სიტუაცია შეიქმნა.  ძალადობას გამართლება არ ექნება, ამას მხარს არ დავუჭერთ და ამის წამხალისებელი არც ერთი ჩვენგანი იქნება. როდესაც ვლაპარაკობთ სამეგრელოს რეგიონზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალებულია იმ ძალადობრივი, რეპრესიული სისტემის და როდესაც მსხვერპლი მოძალადეების წარმომადგენელს ხვდება, წინასწარვე დაძაბული, საკმაოდ მაღალი ემოციური ფონია შექმნილი და აქ სიფრთხილეა საჭირო. როდესაც მოძალადეები მსხვერპლს ექცევიან მაპროვოცირებლად, ეს დაპირისპირების რისკს ზრდის.”

დეპუტატის განცხადებით,  პასუხისმგებლობა გადანაწილდება ყველა იმ ადამიანზე, ვინც ინციდენტის წამქეზებელი, დამწყები და  მონაწილე იყო.

გუშინ სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს. შსს-მ გამოძება ცემის მუხლით დაიწყო (სსსკ-ს 125-ე მუხლი), თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი