„ახალი მემარჯვენეები“ აცხადებენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარ ინცინდენტზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
სოფელ კორცხელში ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარმა ინცინდენტმა მთელ საქართველოს გაახსენა ის ძალადობრივი ფონი, რომლითაც ხასიათდებოდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩატარებული არჩევნები, აცხადებენ მემარჯვენეები.
პარტია მოელოდა, რომ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა არჩევნების ჩატარებას ძალადობის გარეშე, თუმცა კორცხელის ინცინდენტმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა და ქართული არჩევნების განუყოფელ ნაწილად კვლავ რჩება ფიზიკური დაპირისპირება, ცემა-ტყეპა და ადამიანების შეურაცხყოფა.
“არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას, რადგან სწორედ მის დაქვემდებარებაშია შესაბამისი ორგანოები, რომლებიც ვალდებული იყვნენ მიეღოთ პრევენციული ზომები, დროულად ჩარეულიყვნენ დაპირისპირებაში და აღეკვეთათ ფიზიკური ძალადობა”, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 23 მაისს გამოაქვეყნეს.
“ახალი მემარჯვენეები” მოუწოდებენ სამართლადამცავ ორგანოებს, ოპერატიულად დაადგინონ კორცხელის ინცინდენტში მონაწილე დამნაშავე პირები და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ.
პარტიას მიაჩნია, რომ გამოძიება ერთადრთი საშუალებაა იმისათვის, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.