დღეს, 23 მაისს, თბილისში ტექონლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პრემიერი, მთავრობის წევრები, ბიძინა ივანიშვილი და მოწვეული მეცნიერები, მათ შორის გია დვალი დაესწრნენ.
პრეზენტაციის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას სიმბლურად საფუძველი ჩაუყარა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, ვინაიდან ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს საერთაშორისო ფონდი “ქართუ” აფინანსებს. ივანიშვილს მადლობა მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის გია დვალმაც გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაარსებული ტექნოლოგიური ინსტიტუტი იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ, სიდიდით მეხუთე იქნება.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობა თბილისში, დიღომში იგეგმება.
მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, პროექტის ღირებულება რამდნიმე ასეული მილიონი ევროა და მას მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”.
მათივე ცნობით, კვლევითი ცენტრის, “საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის” გარდა აშენდება ნაწილაკთა ამაჩაქარებელი, ე.წ. „კოლაიდერიც“.
“ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი “ქართუ”.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსების მიზანია ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნა და სამაგისტრო და სადოქტოროპროგრამების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებით შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისთვის. გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, ინსტიტუტს ასევე ექნება გამოყენებითი დატვირთვა, მათ შორის სიმსივნის ადრონული თერაპია.
რეგიონში პირველი სამეცნიერო-საგანმანათლებო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს მეცნიერთა თაობის განვითარებას, მათ თანამშრომლობას მსოფლიო დონის უნივერსიტეტების წამყვან პროფესორებსა და მკვლევარებთან. ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები თავად მიიღებენ მონაწილეობას ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერიმენტულ-კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა CERN-თან (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO-თან (ადრონული თერაპიის ეროვნულ ცენტრი) და INFN-თან (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი). ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და იტალიის სამეცნიერო ცენტრებს შორის თანამშრომლობაში აქტიურად მონაწილეობს იტალიის საელჩო საქართველოში.
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ მოწვეულია პროფესორი გია დვალი. ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია პროფესორი თეიმურაზ ლომთაძე.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით თბილისს სტუმრობენ მსოფლიო დონის მეცნიერები. მათი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ტექნოლოგიური ინსტიტუტის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეებისთის, რომელშიც ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ: ფრანსუა ენგლერი, ნობელის პრემიის ლაურიატი, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბელგია; გუიდო ტონელი, პიზის უნივერსიტეტი, იტალია; ვიაჩესლავ მუხანოვი, ლუდგვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, გერმანია; ჩინზია და ვია, მანჩესტერის უნივერსიტეტი, ინგლისი; ლუის ალვარეზ-გომე ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN); ზენშო იოშიდა, ტოკიოს უნივერსიტეტი, იაპონია; ცეზარ გომესი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, ესპანეთი; ლარს ბრინკი, ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შვედეთი; სერჯიო ბერტოლუჩი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN); სანდრო როსი, ფონდი – ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი (CNAO); ფერნანდო ფერონი, საპიენცას უნივერსიტეტი, ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტი (INFN),”- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის განცხადებაში.