ახალი ამბები

ავსტრიის პრეზიდენტი შეიძლება ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი გახდეს

23 მაისი, 2016 •
ავსტრიის პრეზიდენტი შეიძლება ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი გახდეს

“თავისუფლების პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი წინასწარი შედეგებით ოდნავ უსწრებს მოწინააღმდეგე ალექსანდერ ვან დერ ბელენს. ნორბერტ ჰოფერის გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ეყოლება ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) მიხედვით, ნორბერტ ჰოფერი, პოპულისტური “ავსტრიის თავისუფლების პარტიის” (FPO)  ლიდერი, ჯერჯერობით ხმებს იყოფს კონკურენტთან – ვან დერ ბელენთან. ვან დერ ბელენი “მწვანეთა პარტიის” ყოფილი ლიდერია. ავსტრიის წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ის დამოუკიდებლად იყრის კენჭს.

“თავისუფლების პარტიის” კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი (მარცხნივ) დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის, წინააღმდეგ იბრძვის. ვან დერ ბელენს “მწვანეები” უჭერენ მხარს. ფოტო © AFP/Getty Images

“თავისუფლების პარტიის” კანდიდატი ნორბერტ ჰოფერი (მარცხნივ) დამოუკიდებელი კანდიდატის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის, წინააღმდეგ იბრძვის. ვან დერ ბელენს “მწვანეები” უჭერენ მხარს. ფოტო © EPA/Christian Bruna

“გარდიანის” ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის როლი მეტწილად ცერემონიულია, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისასთვის საზოგადოების თითქმის 50%-იანი მხარდაჭერა უკვე ნიშნავს “პოლიტიკურ მიწისძვრას” იმ ქვეყანაში, სადაც 1945 წლიდან ორი ცენტრისტული იდეოლოგიის მქონე პარტია დომინირებდა.

საარჩევნო კამპანიაში მთავარი სადავო საკითხი, “ბიბისის” ცნობით, ევროპაში მიგრანტთა კრიზისი იყო.

გასულ წელს ავსტრიაში დაახლოებით 90 ათასმა ადამიანმა ითხოვა თავშესაფარი. ეს რიცხვი ავსტრიის მოსახლეობის 1%-ს უდრის.  “თავისუფლების პარტიის” საარჩევნო კამპანია კი ანტიმიგრაციული განწყობის იყო.  

“მივმართავ ავსტრიაში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც “ისლამურ სახელმწიფოში” საბრძოლველად მიდიან და ქალებს აუპატიურებენ: ეს თქვენი სახლი არ არის” – პრეზიდენტობის კანდიდატობის მიერ წარმოთქმული ამ სიტყვებით აღწერს “ბიბისი” ნორბერტ ჰოფერის წინასაარჩევნო რიტორიკას. “ბიბისის” ცნობითვე, ვან დერ ბელენის წინასაარჩევნო რიტორიკა ჰოფერისაგან განსხვავებული იყო: “მე ვნახე, თუ როგორ აღდგა ავსტრია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან – ომიდან, რომელიც ნაციონალიზმის სიგიჟემ გამოიწვია” – თქვა ვან დერ ბელენმა.

ამ დროისათვის ჰოფერს ხმების 51.9% აქვს, ვან დერ ბელენს კი  – 48.1%. ხმების უმრავლესობა დათვლილია. დარჩენილ 750 000 საფოსტო ბიულეტენს 23 მაისს დაითვლიან. სწორედ ეს ხმები გადაწყვეტს დღეს, თუ ვინ გახდება ავსტრიის პრეზიდენტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი