ახალი ამბები

ყარაბახის დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის არჩევნებს აღიარებენ

28 ნოემბერი, 2011 • • 1143
ყარაბახის დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის არჩევნებს აღიარებენ
მთიანი ყარაბახის დამკვირვებლებმა სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები აღიარეს და საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტებზე მორგებულად მიიჩნიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხური სააგენტო “news.am” ავრცელებს.

ყარაბახის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელის სემიონ აფიანის განცხადებით, აღნიშნულ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ ოსეთის დემოკრატიული გზით განვითარებისთვის.

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ არ აღიარა სამხრეთ ოსეთის “საპრეზიდენტო არჩევნების” პირველი ტურის შედეგები.

შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50 % ვერც ერთმა დააგროვა, მეორე ტური დაინიშნა.
დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით კი, განათლების ყოფილი მინისტრი, ალა ჯიოევა 51,37 პროცენტით ლიდერობს.

ჯერჯერობით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების დათვლა არ დაუმთავრებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი