ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” სასტუმროების მენეჯმენტს Marriot განახორციელებს

20 მაისი, 2016 •
“პანორამა თბილისის” სასტუმროების მენეჯმენტს Marriot განახორციელებს

პროექტ „პანორამა თბილისის“ ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმრო და შეკვეთილში მშენებარე სასტუმრო და სპაკომპლექსი Marriot-ის უმაღლესი კლასის–  ,,Autograph Collection”–ის  ბრენდის ქვეშ ერთიანდება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ „Marriot“–ს შორის, დღეს  შესაბამის ხელშეკრულებას  მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. შესაბამის ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტით Marriott-ის დაინტერესების მნიშვნელობა შეაფასა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის იმიჯზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და  ტურიზმის განვითარებას.

„Marriott დაინტერესდა თანაინვესტირების ფონდის მიერ დაწყებული ნახევარმილიარდიანი პროექტით – მშენებარე სამი სასტუმროთი, რაც უდავოდ მიმართულია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. ის, რომ საქართველოში შემოდის  Marriott–ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სამეულში შედის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა არა მარტო სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საქმიანი წრეებისათვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში: პროექტ ”პანორამის”ფარგლებში თბილისში იგეგმება ორი სასტუმროს მშენებლობა – ”სოლოლაკის მაღლობი” და ”თავისუფლების მოედანი”, ასევე დასრულების ეტაპზეა ”შეკვეთილის სასტუმრო”.მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ Marriott–მა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა სასტუმროების უნიკალური შერწყმა ლანდშაფტთან და გარემოსთან, აქცენტი გაკეთდა ასევე პროექტის ორიგინალურობაზე, ეკოლოგიურობასა და ინდივიდუალიზმზე,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ინფრასტრუქტურის განვითარებას:

”მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმით, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არათუ წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება და ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიმართულება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება დავუთმოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწორედ ამას ემსახურება ასეთი მაღალი პროფილის ინვესტორის შემოსვლა საქართველოში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, შენდება ორი სასტუმრო  თბილისში- სოლოლაკის მაღლობზე და თავისუფლების მოედანზე, და ერთი სასტუმრო შეკვეთილში. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება  365 მილიონი დოლარია. სამივე სასტუმროს Marriot-ის უმაღლესი კლასის–  ,,Autograph Collection”–ის  ბრენდი გააერთიანებს. პროექტების ფარგლებში შეიქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი