ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი ხურჩაში მკვლელობაზე: ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროცესს, რომელიც ახლა მიდის

20 მაისი, 2016 •
კვირიკაშვილი ხურჩაში მკვლელობაზე: ამით ცდილობენ ხელი შეუშალონ პროცესს, რომელიც ახლა მიდის

მედიასთან საუბარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

“ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედია, რომ ადამიანი, მით უმეტეს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნა მოკლული უმოწყალოდ. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა დამნაშავე დაისჯება ძალიან მკაცრად” , – განაცხადა კვირიკაშვილმა.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ქართულმა მხარემ შემთხვევის შესახებ უკვე აცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატის თანათავმჯდომარეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი