დაკარგული თვითმფრინავის მფლობელი ავიაკომპანია უარყოფს ინფორმაციას რეის 804-ის ნამსხვრევების პოვნის შესახებ. თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროში მიფრინავდა, 19 მაისს გაქრა რადარებიდან.
ეგვიპტის ავიაციის მინისტრის ცნობით, ბერძენმა საზღვაო სამართალდამცავებმა იპოვეს „მოტივტივე მასალა“ და სამაშველო ჟილეტები, რაც, მისი ვარაუდით, „ეარბას ა320″-დან იყო, თუმცა ავიაკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ინფორმაცია არ დაადასტურა.
„ეარბას ა320″-ის მფლობელი ავიაკომპანიის, „იჯეფთეარის“ ვიცე-პრეზიდენტმა აჰმედ ადელმა განაცხადა:
„ნაპოვნი „მოტივტივე მასალა“ არ ეკუთვნის თვითმფრინავს, რომელიც გაუჩინარდა. დაკარგულ თვითმფრინავს ჯერ კიდევ ვეძებთ“.
აჰმედ ადელის თქმით, ავიაკომპანია „იჯეფთეარი“ არ მონაწილეობს სამძებრო სამუშაოებში, თუმცა ინფორმაციას ბერძნული ოფიციალური წყაროებისაგან იღებს. ამიტომ მისთვის უცნობია, რატომ იფიქრეს ეგვიპტეში, რომ ზღვაში ნაპოვნი ნარჩენები ა320-ს ეკუთვნოდა.
ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროს მიმართულებით მიფრინავდა, გუშინ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კაიროს დროით 2:45 საათზე გაუჩინარდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. ავიაკომპანიის თქმით, მგზავრების უმეტესობა საფრანგეთის და ეგვიპტის მოქალაქეები არიან, თუმცა ბორტზე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის, შერიფ ისმაილის თქმით, ჯერჯერობით ადრეა გამოირიცხოს თვითმფრინავის გაუჩინარების რომელიმე მიზეზი. ქვეყნის ავიაციის მინისტრი, შარიფ ფატი კი ამბობს, რომ ეს უფრო „ტერორისტულ თავდასხმას“ ჰგავს, ვიდრე „ტექნიკურ გაუმართაობას“.
“სიენენის” ცნობით, ბერძნულმა სამძებრო თვითმფრინავმა კუნძულ კრეტიდან 390 კმ-ის მოშორებით შეამჩნია “ორი მოტივტივე ობიექტი”. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ეს ობიექტები იგივე, რაც ავიაკომპანიის ვიცეპრეზიდენტმა აღწერა.