ახალი ამბებისაზოგადოება

პარიზი-კაიროს რეისის დროს ეგვიპტური თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

19 მაისი, 2016 •
პარიზი-კაიროს რეისის დროს ეგვიპტური თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

ეგვიპტური ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან კაიროს მიმართულებით მიფრინავდა, რადარებიდან გაუჩინარდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები.

საერთაშორისო მედიის ცნობით, “Airbus A320” თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში კაიროს დროით 2:45 საათზე გაუჩინარდა.

ბორტზე 56 მგზავრი, მათ შორის ბავშვები და ეკიპაჟის 7 წევრი და პირი იმყოფებოდა უსაფთხოების სამსახურიდან. ავიაკომპანიის თქმით, მგზავრების უმეტესობა საფრანგეთის და ეგვიპტის მოქალაქეები არიან, თუმცა ბორტზე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ეგვიპტის ჯართან ერთად სამაშველო ოპერაციაში ბერძნული მხარეც ჩაერთო.

ავიაკატასტროფის შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტების თქმით, ისინი ე.წ. “შავი ყუთის” პოვნას დაელოდებიან.

როგორც BBC იუწყება, ამ მოდელის თვითმფრინავები რეგულარულად გამოიყენება და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

ამავე ავიაკომპანიის თვითმფრინავის გატაცება სცადეს მარტში, თუმცა შემთხვევა ტრაგიკულად არ დასრულებულა, სამართალდამცავებმა მძევლების გათავისუფლება შეძლეს. ტრაგიკულად დასრულდა შემთხვევა გასულ ოქტომბერს, როცა რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი შარმ ელ-შეიხის მიმართულებით მიფრინავდა და ბორტზე 224 ადამიანი იმყოფებოდა. მოგვიანებით ოფიციალურმა წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი განგებ ჩამოაგდეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი