ახალი ამბები

ქალთა მოძრაობა: ენმ-ს 80% მამაკაცებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია არასამართლიანია

19 მაისი, 2016 •
ქალთა მოძრაობა: ენმ-ს  80% მამაკაცებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია არასამართლიანია

“ქალთა მოძრაობის” შეფასებით, 19 მაისს გავრცელებული “ნაციონალური მოძრაობის” არაოფიციალური სია უკიდურესად შემაშფოთებელი და არასამართლიანია გენდერული კვოტირების თვალსაზრისით. შესაბამის განცხადებას მოძრაობა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს.

“პარლამენტში ქალთა უკიდურესად დაბალი (12%) წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით ქალთა მოძრაობამ 2015 წლის 8 მარტს მოითხოვა კვოტირების მექანიზმის დანერგვა, რაც გულისხმობს 150-მანდატიან პარლამენტში მინიმუმ 38 ადგილის (25%) გამოყოფას ქალებისათვის. აღნიშნულმა კანონპროექტმა პარლამენტში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მუხედავად ამისა, პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ საარჩვენო სიების შედგენისას გაითვალისწინებდა ქალების პოლიტიკაში ჩართულობის აუცილებლობას და მეტ ქალ კანდიდატს წარმოადგენდა პარტიულ სიაში.

2016 წლის 16 მაისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო სიის პირველი ათეული ოფიციალურად წარადგინა. პირველ ათეულში მხოლოდ ორი კანდიდატია ქალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ენმ უარს ამბობს ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე იმ პირობებშიც კი, როდესაც კანონმდებლობა მას სთავაზობს ფინანსურ წახალისებას (საბიუჯეტო დაფინანსების 30%-ით გაზრდას) სიის ყოველ ათეულში სამი ქალის წარდგენის შემთხვევაში. ქალთა მოძრაობისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ამგვარი უგულებელყოფა,”- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ქალის საარჩევნო უფლებას – აირჩიოს და იყოს არჩეული:
“ჩვენ ვერასოდეს ავირჩევთ მეტ ქალს პარლამენტში, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა ქალი კანდიდატები არ დააყენეს საარჩევნო სიების გამსვლელ ადგილებზე. ენმ-ის მიერ წარმოდგენილი 80% მამაკაცებით დაკომპლექტებული საარჩევნო სია არასამართლიანია და ქალებს (მოსახლეობისა და ამომრჩეველთა უმრავლესობას) გვიზღუდავს უფლებას ავირჩიოთ ქალები საკუთარ წარმომადგენლებად.”

ქალთა მოძრაობა პოლიტიკური პარტიებისაგან ითხოვს ქალების საარჩევნო უფლების პატივისცემას, გენდერული ბალანსის დაცვას და პარტიების საარჩევნო სიებში ქალთა მინიმუმ 30%-იან წარმომადგენლობას:

“მნიშვნელოვანია ქალი კანდიდატების დასახელება არა ნებისმიერ, არამედ გამსვლელ ადგილებზე.
ჩვენ თვალყურს ვადევნებთ თითოეული პარტიის საარჩევნო სიას და მოვუწოდებთ ყველა ქალს ხმის მიცემის დროს გაითვალისწინოს პარტიის გენდერული პოლიტიკა და საარჩვენო სიაში ქალთა წარმომადგენლობა. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს.”

18 მაისს “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის არაოფიციალური ვერსია გავრცელდა. სია “პირველმა რადიომ” გაავრცელა და მასში პარტიის ცნობილი სახეები არ არიან წარმოდგენილი. სიიდან ერთ-ერთი პოლიტიკოსი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რეგიონალურ კონფერენციაზე ის ნამდვილად შეარჩიეს, თუმცა დეპუტატი პაატა ლეჟავა ამბობს, რომ სიის საბოლოო ვარიანტი არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი