ახალი ამბები

შსს: პოლიცია ვალდებული არ არის ოპერატიული ღონისძიება პოლიციის ფორმით ჩაატაროს

19 მაისი, 2016 • 3160
შსს: პოლიცია ვალდებული არ არის ოპერატიული ღონისძიება პოლიციის ფორმით ჩაატაროს

შინაგას საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა, რომ პოლიციელს კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ ოპერატიული ღინისძიება სპეციალური, პოლიციის ტანსაცმლით ჩაატაროს.

ეს განცხადება ოპროპირიძემ დღეს, 19 მაისს, სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა. ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში 2015 წელს არსებულ მდგომარეობას.

17 მაისის ღამეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო სტენსილების გაკეთებისთვის და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულების ნაწილი ნეტაგზეთთან აცხადებდა, რომ ისინი დააკავეს პოლიციელებმა, რომელთაც არ ეცვათ ფორმა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს, მაიდენტიფიცირებული ნიშნების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად.

EMC-ის იურისტმა, სოფო ვერძეულმაც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრობლემა იყო რამდენიმე დღის წინ, 17 მაისის ღამეს არაიდენტიფიცირებადი ოპერატიული თანამშრომლების პატრულირება. ვერძეულის თქმით, სწორედ ოპერატიული სამსახური და კრიმინალური პოლიცია არის უფლებამოსილების გადამეტების წყარო. მან შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებს ჰკითხა, იგეგმება თუ არა რამე ამ მიმართულებით.

“პირდაპირი მკაფიო ჩანაწერები კანონმდებლობაში, რომ მხოლოდ ფორმით უნდა მოხდეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება, პირდაპირი მკაფიო ჩანაწერები საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული არ არის. პოლიცია არის, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულ სამარლადარღვევაზე მორეაგირე ორგანო, მაგრამ ის არის, ამავდროულად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანო, საპროცესო იძულების ღონისძიების განმახორციელებელი ორგანო და როდესაც ახორციელებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებებს, არ არის, რა თქმა უნდა, ვალდებული, რომ მაინცდამაინც პოლიციის ტანსაცმლით განახორციელოს. თუმცა პოლიციელი ვალდებულია, რომ თითოეული ასეთი ღონისძების დროს წარუდგინოს თავისი ვინაობა, მას აქვს თავისი სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჟეტონი, და აუცილებელია, თავისი ვინაობა წარადგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოს ის ღონისძიება, რომელიც არის გათვალისწინებული პოლიციის კანონით, ადმინისტრაციული სამარღალდარღვევათა კოდექსით, ან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით,”- უპასუხა მას ზვიად ოქროპირიძემ.

ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ შინაგას საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისთვის და რა კავშირშია წარწერების გაკეთება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი