საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 17 მაისს ლგბტ უფლებათა აქტივისტების დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს:
“2016 წლის 17 მაისს, გამთენიისას 10 ლგბტ აქტივისტი დააკავეს. 3 მათგანი დააკავეს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“, ხოლო 7 – საპატრიარქოს შენობასთან, სტენსილების ხატვისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით,” – აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენის თქმით, დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო:
“ლგბტ აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა, ასევე მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა პოლიციის ავტომანქანებით. დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ მათ შორის სახალხო დამცველის რწმუნებულებს. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.”
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ შს სამინსიტრომ ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში უნდა გააკეთოს:
“ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა (ასკ 150–ე მუხლი). თუმცა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება აღნიშულ ქმედებებზე მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. გაუგებარია, რატომ იყვნენ დაკავებისას პოლიციელები ფორმის გარეშე და შს სამინისტროს კონკრეტულად რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოდგენდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში გააკეთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.”
ომბუდსმენი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების საკითხი:
“პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს, მაიდენტიფიცირებული ნიშნების, დოკუმენტებისა და სათანადო განმარტების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად.”
ასევე, დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოვალეობის დარღვევის საკითხი და მას უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება. განხორციელებული რეაგირების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
17 მაისს, როცა მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს. დაკავება გამთენიისას მოხდა.
“აქტივისტები დააკავეს ქუჩაში სტენსილების გაკეთების გამო და განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი. როგორც შემატყობინეს, პოლიცია იქცეოდა და იქცევა ძალადობრივად: ქუჩაში ძირს ახოხიალეს აქტივისტები, ფიზიკურად შეეხნენ და იყვნენ ძალიან აგრესიულები”, – ეს ინფორმაცია ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა “ლგბტ საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ბერიანიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჭალიძის გადაწყვეტილებით, გადაიდო 17 მაისს დაკავებული ლგბტ აქტივისტების სასამართლო პროცესი.
დღეს მოსამართლე ჭალიძე განიხილავდა 7 აქტივისტის საქმეს, რომლებიც პოლიციამ 17 მაისს, გამთენიისას დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.