ახალი ამბებიეკონომიკა

ევროსტანდარტებს მორგებული ქართული თხილი

19 მაისი, 2016 •
ევროსტანდარტებს მორგებული ქართული თხილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატიცივით, 1 ივნისიდან ქართული თხილის საერთაშორისო ბაზარზე გასატანად განახლებული რეგულაციები ამოქმედდება. ცვლილებების შედეგად, გასაყიდად გატანილი პროდუქცია ევროსტანდარტების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

დარგის პროფესიონალთა განცხადებით, 2015 წელს ექსპორტის შემცირება სწორედ, თხილის შეუსაბამო ხარისხმა და შემცირებულმა მოსავლიანობამ განაპირობა. ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამის” მონაცემებით, 2014 წელს ექსპორტზე 183$ მლნ. ღირებულების 36 ტონა თხილი გავიდა, გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 176$ მლნ.-მდე შემცირდა.

თხილის ექსპორტირების განახლებული ტექნიკური რეგლამენტი მისი გადამუშავების, დაფასოებისა და რეალიზაციის კონკრეტულ წესებს ადგენს. ასევე, ახალი ტექნიკით აფასებს თხილის ხარისხს. სხვადასხვაგვარი წესები შეეხება დამუშავებულ და გასატეხ თხილს. რეგულაციების ავტორთა განცხადებით, შიდა ბაზარზე კვლავ მოქმედი წესებით იმოქმედებს.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ პროდუქციამ დააკმაყოფილოს კრიტერიუმები საწყის ეტაპზე, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი ლაბორატორიული და საბაჟო კონტროლი. სახელმწიფო გარკვეული დროის შემდეგ შეამცირებს ინტენსიურ კონტროლს და, როგორც კალანდაძე ამბობს, ის ენდობა ექსპორტიორს.

“ახალი სტანდარტები განაპირობებს სტაბილურ ფასს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მწარმოებელს არ ექნება საშუალება არასტანდარტული თხილი გავიდეს ექსპორტზე, უბრალოდ, მას ექნება გაცილებით დაბალი ღირებულება. ის უნდა იყოს შესაბამისად დაფასოებული და გააჩნდეს შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაბამისობის დოკუმენტის სწორად შევსება და საბაჟოზე ამ დოკუმენტის წარდგენა აუცილებელია,” – ამბობს თენგიზ კალანდაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ჩაერთვებიან ხარისხის კონტროლის პროცესში. ლაბორატორიული ნიმუშები ლაბორატორიაში დარჩება და საჭიროების შემთხვევაში მეწარმეს მისი გამოთხოვება შეეძლება.

მინისტრის მოადგილის, დავით გალეგაშვილის თქმით, თხილის ბიზნესი დღეს სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია. გალეგაშვილის თქმით, სამინისტრო დარგის განვითარებისათვის სასაწყობე ჩეკების სისტემის დანერგვასაც გეგმავს.

“თუ ფერმერი ან მეწარმე თხილს ინახავს სერტიფიცირებულ საწყობში, ის ამისთვის მიიღებს დამადასტურებელ ჩეკს და მისი წარდგენა შეიძლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ფინანსური დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში,” – ამბობს დავით გალეგაშვილი.

“ოქსფამის” ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერის, ლევან დადიანის განცხადებით, თხილის დარგის განვითარებისათვის სპეციალურად შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, აუცილებელია ხარისხის რეგლამენტის შესახებ ინფორმაციის მეწარმეებისათვის მიწოდება. დადიანის თქმით, უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო საბითუმო ბაზრების ინფრასტრუქტურის მოწყობას გადაწყვეტს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თხილის დაავადებების წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიებების გატარება დღემდე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს.

მეწარმეებსა და სფეროს პროფესიონალებს განახლებული რეგულაციების შესახებ ინფორმაცია თხილის განვითარების ფორუმზე გააცნეს. შეხვედრის დასასრულს მეწარმეები სტანდარტების ჩამოყალიბების ინიციატივას დადებითად აფასებდნენ. კომპანია “აგროსარფის” წარმომადგენლის, მარიამ მიქავას თქმით, კონტროლის მექანიზმი საშუალებას მისცემს თავად მეწარმეს, რომ უკეთ განსაზღვროს საკუთარი პასუხისმგებლობები მომხმარებლის წინაშე.

“მიწის რეგისტრაციის პრობლემა კვლავ რჩება, ამიტომ ახალი პლანტაციების გაშენება სირთულეს წარმოადგენს. შედეგად, ვერ ვიღებთ იმ რაოდენობის მოსავალს, როგორიც გვინდა. ასევე, არ ხდება მცენარეების დაავადებათა კონტროლი. უმთავრესი პრობლემა სპეციალისტების ნაკლებობაა, მეწარმემ არ იცის, ვის უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის,” – ამბობს მარიამ მიქავა.

თხილის დარგისა და განვითარების ფორუმი. 19.05.16 ფოტო: ნეტგაზეთია

თხილის დარგის განვითარების ფორუმი. 19.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანუშ ჰერშმანის აზრით, თხილის ექსპორტი საქართველოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და სფეროს განვითარებისათვის ხელშეწყობა ქვეყნისათვის პრიორიტეტულ ამოცანად უნდა იქცეს:

“ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრარული განვითარების პროექტებს აფინანსებს, საქართველომ, ჯამში, გრანტების სახით 130 მლნ. ლარამდე მიიღო. მომავალი წლის განმავლობაში კიდევ იგეგმება დამატებითი თანხების გამოყოფა. თხილი საქართველოსთვის ახლა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომლის ბიზნესსაც განვითარების პერსპექტივები გააჩნია. მცირე მეწარმეებისათვის დახმარება თხილის მოსავლის ხარისხზეც აისახება. ამ ეტაპზე რეგულაციების გაუმჯობესება სწორი გადაწყვეტილებაა,” – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამის” ორგანიზებით თხილის დარგის განვითარების ფორუმი 19 მაისს თბილისში გაიმართა. ფორუმზე მიწვეულმა სტუმრებმა ბიზნესის განვითარების პერსპექტივებსა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს.

საქართველოში 2013 წელს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიოირთა ასოციაცია დაარსდა. მასში ამ დროისათვის 37 კომპანიაა გაერთიანებული. 2015-2016 წლების მონაცემებით, ექსპორტირებული თხილის საერთო ღირებულებამ 209$ მლნ.-ს მიაღწია. თხილის საექსპორტო პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში ამ დროის მონაცმეებით 7%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი