ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. სერგი აშოთია გუშინ, 23 ნოემბერს, ღამით მაღაროში კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
“რა გახდა დაღუპვის მიზეზი ზუსტად, ჩემთვის უცნობია. ახლა გზაში ვარ, მივდივარ ტყიბულში, რომ ადგილზე გავარკვიო დეტალები. ის ძალიან გამოცდილი მეშახტე იყო. სხვათა შორის, ეს ის ადამიანია, რომელიც 2010 წლის 27 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა,” – ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე.
აფეთქებას ტყიბულის მინდელის მაღაროში 2010 წლის 27 აგვისტოს ოთხი თანამშრომელი (ლაშა ბოჭორიშვილი, იოსებ (სოსო) ობოლაძე, პაატა მოდებაძე და მალხაზ ჭანტურიძე) ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა 6 თანამშრომელი, რომლებიც თვეების მანძილზე მკურნალობდნენ თბილისში, დამწვრობის ცენტრში. მათ შორის იყო სერგი აშოთია. აშოთიასთან ერთად, 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქებისას მძიმედ დაშავდა ტყიბულელი მეშახტე გია ობოლაძე.
სერგი აშოთია დაახლოებით ოთხი თვის წინ დაბრუნდა შახტაში სამუშაოდ, – იხსენებს გია ობოლაძე. მისივე თქმით, გუშინდელი შემთხვევა, 2010 წლის 27 აგვისტოს აფეთქებისგან განსხვავებით, უბედური შემთხვევის შედეგია.
“ეს იყო უბედური შემთხვევა – კედელი გადმოტრიალდა, მოწყდა და ჩაიტანა ქვეშ მეშახტე: არის გამოქვაბული შახტაში, საიდანაც იღებენ ნახშირს და იმის გამაგრება არ შეიძლება, მაგრამ სანამ შეხვალ იქ ქვანახშირის გამოსაღებად, უნდა მოუსმინო – ხმას გამოსცემს სპეციფიკურს, როცა ნგრევის საშიშროებაა. არ არის გამორიცხული, რომ მეშახტეებმა უბრალოდ იჩქარეს, რომ გეგმა შეესრულებინათა, რადგან რაც უფრო მეტს გამოიღებენ ნახშირს, მეტს გამოიმუშავებენ”, – ამბობს გია ობოლაძე.
გუშინდელი შემთხვევის შედეგად ტყიბულის მაღაროში კიდევ ერთი მეშახტე დაშავდა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადამოწმებას ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს ადმინისტრაციისგან შეეცადა, რომელიც ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილ კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის. კომპანიის ხელმძღვაბელობასთან დაკავშირება ამ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
“რამდენადაც ვიცი, თბილისიდან წასულები არიან კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ტყიბულში, რომლებსაც შევხვდები ადგილზე, ამ დრომდე მათ ვერც მე ვუკავშირდები,” – ამბობს საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი.
სანგრის ჭერის ჩამონგრევის შედეგად ორი მეშახტე დაიღუპა ტყობულის მინდელის მაღაროში დაახლოებით ორი კვირის წინ, 2011 წლის 6 ნოემბერს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ტყიბულში მთლიანობაში 13 მეშახტეა დაღუპული, აქედან 10 მათგანი აფეთქებების შედეგად დაიღუპა.
თითოეულ შემთხვევაზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა გამოძიება არც ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით არ დასრულებულა.
“მე დავავალებ მთავრობას, აქ მუდმივად იმუშაონ უსაფრთხოების ინსპექტორებმა, რომ მდგომარეობა მუდმივად გააკონტროლონ“ – განაცხადა პრეზიდენტმა 2010 წლის 28 აგვისტოს, ტყიბულის მაღაროში ვიზიტის დროს, თუმცა მას შემდეგ ტყიბულის მაღაროში კიდევ 4 მეშახტე დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ტყიბულის მაღაროში ორი ადამიანი დაიღუპა
”მინდელის მაღაროს” მეათე მსხვერპლი
გაფიცული მეშახტეები „საქნახშირის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას მართავენ