ახალი ამბები

მღვდლები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლითაც ბავშვის მოძალადისგან განცალკევების წესი იცვლება

19 მაისი, 2016 •
მღვდლები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლითაც ბავშვის მოძალადისგან განცალკევების წესი იცვლება

პარლამენტში მესამე მოსმენით განსახილველად წარდგენილია კანონპროექტი “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებები ცხრა კანონში.

კანონპროექტის თანახმად, ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით, სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან, კანონიერი წარმომადგენლის ან სხვა პირისაგან.

კანონპროექტის სწორედ ამ მუხლს ეწინააღმდეგებიან სასულიერო პირები, რომლებიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ, თუმცა კანონპროექტის განხილვა გადაიდო.

ბავშვების მოძალადე მშობლებისგან განცალკევების მუხლის კომენტირებისას მღვდელი დავით ისაკაძე ამბობს, რომ “ეს შვილების წართმევის” საშუალებაა. თემაზე საუბრისას დავით ისაკაძე ისევ ანტიდასავლურ დისკურსს იყენებს და ეკლესიის სახელით საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის უფლებამოსილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით ილაპარაკოს, რადგან საქართველო სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის თანახმად, . ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით):

” ეს არის საშუალება, რომ შვილები წაგვართვან. ეს ხდება ევროპაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და ამის დაკანონება სურთ საქართველოში. ამის წინააღმდეგი ვართ ჩვენ, მთელი ეკლესია და ნორმალური საზოგადოება,”- ამბობს ისაკაძე.

მისივე თქმით, სასამართლო ისედაც არეგულირებს ოჯახში ძალადობის საკითხს:

“სოციალური მუშაკის დატვირთვა ამ შემთხვევაში აბსოლუტურად არ არის საჭირო. ამისთვის არსებობს სასამართლო და სასამართლო მშვენივრად წყვეტს ასეთ საკითხებს. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ არ მოხდეს ოჯახში ძალადობა,”- აღნიშნავს ისაკაძე.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მირიან წიკლაურის აზრით, სოციალურ მუშაკს გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების საშუალება უნდა ჰქონდეს:

“თუ ბავშვი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, სანამ სასამართლო განცალკევებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი ოჯახში დატოვება სწორი არ არის. სასურველია, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს სოციალურ მუშაკს იმიტომ, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი იმ წუთას არის. შემდეგ პროცესი გაგრძელდება და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეზღუდავს თუ ჩამოართმევს მშობლობის უფლებას. ”

დავით ისაკაძის შიშს “ბავშვების წართმევის” თაობაზე წიკლაური უსაფუძვლოს უწოდებს:

“ეს შიში ყოვლად უსაფუძვლოა. მე ძალიან კონსერვატიული დამოკიდებულება მაქვს ოჯახის მიმართ სწორედ იმიტომ, რომ ოჯახი იყოს შენარჩუნებული. იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში დარჩეს, ეს ჩემი შინაგანი განცდაც არის და სახელმწიფოს პოლიტიკაც ამისკენაა მიმართული, მაგრამ თუ ბავშვი ძალადობის მსხვერპლია და ჩვენ ამ დროს რაღაცას ველოდოთ, ეს არ არის სწორი.”

დეპუტატის თქმით, იყო შემთხვევა, როცა მამინაცვალი სამი წლის ბავშვს აუპატიურებდა:

“სამი წლის ბავშვს მამინაცვალი საწერი კალმით აუპატიურებდა და თითით. სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს ის ბავშვი, თორემ სისხლდენით დაიღუპებოდა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, იმათ სასამართლოსთვის ეცადათ და ასე შემდეგ? პოლიციის დახმარებით წამოიყვანეს ბავშვი. ”

კანონპროექტის თანახმად, არასრულწლოვანზე ძალადობის დროს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერის, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვანი განცალკევდება მშობლისგან/მშობლებისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისგან.

სოციალური მუშაკის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუმცა გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ამასთან,  მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისგან არასრულწლოვნის განცალკევება მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარმოადგენს უკიდურეს ზომას:

“არასრულწლოვნის აზრი იმის შესახებ, თუ სად განთავსდება იგი, უნდა იყოს გათვალისწინებული მისი ასაკის და განვითარების დონის მიხედვით და ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი/სოციალური მუშაკი ახდენს ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მსხვერპლის გამოკითხვას, შემთხვევის შეფასებას და არასრულწლოვნის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით გაწერილი წესის შესაბამისად. სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას,” – აღნიშნულია კანონპროექტში.

ცვლილებების მიხედვით,   ოჯახში ძალადობის ფორმების არსებობისას ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირის მიერ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო განიხილავს არასრულწლოვანთან მოძალადე მშობლის/მშობლების ან სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის საკითხს. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის კვალის არსებობისას სასამართლოს წინაშე შეიძლება დაისვას დროებითი ღონისძიების სახით მოძალადე მშობლისაგან/მშობლებისაგან, სხვა კანონიერი წარმოადგენლისგან ან სხვა პირისგან არასრულწლოვნის განცალკევების საკითხი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

კანონპროექტით,  არასრულწლოვნის წარმომადგენლის უფლების საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ მოძალადე მშობლისთვის/მშობლებისთვის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლისთვის წარმომადგენლის უფლების დატოვება საზიანოა არასრულწლოვნის ინტერესებისათვის. დაუშვებელია მშობლებისათვის არასრულწლოვანზე ერთობლივი მეურვეობის დატოვება, თუ არსებობს მის მიმართ ერთ-ერთი მშობლის მხრიდან ძალადობის საფუძვლიანი ვარაუდი.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

პროექტის თანახმად,   არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის (პირველადი იდენტიფიკაციის) და მასზე რეაგირების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის მიმართვის ვალდებულება აკისრიათ სამედიცინო დაწესებულებას, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს, აგრეთვე, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართულ სხვა შესაბამის დაწესებულებებს და მათ უფლებამოსილ თანამშრომლებს.

გარდა ამისა, ოჯახში დანაშაულთან დაკავშირებით დაუშვებელია არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვა, აგრეთვე, დამცავი ან შემაკავებელი ორდერის გამოცემისას ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანი მსხვერპლის გამოკითხვა (მისგან ახსნა-განმარტების მიღება) სავარაუდო მოძალადე მშობლის/მშობლების თანდასწრებით; აგრეთვე დაუშვებელია სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, ასევე მისთვის (მათთვის) არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა ან გადაცემა. ამ შემთხვევებში მშობლის უფლება, იყოს არასრულწლოვნის წარმომადგენელი სისხლის/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, შეჩერებულად ითვლება სასამართლოში საქმის წარმოების განმავლობაში, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი