დღე, 18 მაისს დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა წაშალა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე არტისტ მუსია ქებურიას მიერ გაკეთებული ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო პოლიციელისა და მღვდელის კოცნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს თვითმხილველმა ნათია ქარჩილაძემ უთხრა.
ნათია ქარჩილაძის თქმით, წაშალეს მხოლოდ ეს პლაკატი და არ შეხებიან ხიდზე გაკრულ სხვა მასალას.
თბილისის მერიაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პლაკატი წაიშალა იმიტომ, რომ გაკეთებული იყო ხიდის ქვეშ და აქ ნახატის განთავსებისთვის საჭიროა მერიის არქიტექტურის სამსახურთან შეთანხმება.
მუსია ქებურია ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ პლაკატი ერთი დღის განმავლობაშიც არ ყოფილა გაკრული. ავტორის თქმით, მისი პლაკატი გამოხატავდა მესიჯს “სიყვარული თანასწორია”.
“ეს გამოხმაურება იყო 17 მაისთან დაკავშირებით და პირველ რიგში ის, რომ სამართალდამცავების მხრდან იყო არაადეკვატური მოპყრობა აქციის მონაწილეების, აქტივისტების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ, კედელზე გაეკეთებინათ სტენსილი,”- განაცხადა მან.
მუსია ქებურია ასევე ამბობს, რომ კანონი არ კრძალავს გვირაბებთან და ხიდებთან სტენსილების გაკეთებას.
“მაშინ უნდა წაეშალათ დანარჩენი ნახატებიც. შესაბამისად, ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ სპეციალურად გაუშვეს თანამშრომელი და წააშლევინეს კონკრეტული ნახატი,”- განაცხადა მან.
17 მაისს, გამთენიისას, 10 აქტივისტი ქუჩაში ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკეთების გამო დააკავეს.
17 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). წელს, 16 მაისს საქართველოში ლგბტი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ჰომოფობიის დღის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა. რუსთაველის გამზირზე, სადაც აქტივისტებს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშნვნა სურდათ, მოეწყო აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა და ასევე, აღნიშნეს პატრიარქის მიერ 17 მაისს დაწესებული „ოჯახის სიმტკიცის და მშობელთა პატივისცემის დღე”.