ახალი ამბები

წულუკიანი: “კაბელების საქმეზე” საბოლოო ინსტანციის განაჩენს უნდა დაველოდოთ

18 მაისი, 2016 • 1054
წულუკიანი: “კაბელების საქმეზე” საბოლოო ინსტანციის განაჩენს უნდა დაველოდოთ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე ვერავინ იტყვის, რა არის რეალობა, ვიდრე უზენაესი სასამართლოს განაჩენი არ დადგება.

“როგორც ყველა პირველი ინსტანციის განაჩენი, ესეც არის დროებითი დოკუმენტი. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, მანამ, სანამ უმაღლეს მოსამართლეს არ უთქვამს, სად არის სიმართლე, ვინ არის მართალი, პროკურატურა თუ დაცვის მხარე, ჩვენ, ყველას გვევალება, რომ დაველოდოთ პროცესის დასასრულს, რომელიც დღეს, უბრალოდ, დასრულებული არ არის. სახეზეა შუალედური დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული. ამიტომ, ალბათ, მხარეები კიდევ ერთხელ იპაექრებენ და საბოლოო სიმართლე, მანამ, სანამ განაჩენი არ იქნება საბოლოო, აპელაციის თუ კასაციის, ვერავინ იტყვის, სად არის, ასე ვთქვათ, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე რეალობა,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

“თავისუფალი დემოკრატები” ამ განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ მოსმართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი