საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრი გიორგი კახიანი ამბობს, რომ არ ესმი,ს რატომ ჩქარობს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მისთვის გადაგზავნას.
“პრეზიდენტს არასწორი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტმა თითქოს ნაჩქარევად მიიღო ეს კანონპროექტი. სინამდვილეში პარლამენტი სამი თვის განმავლობაში იხილავდა ამ კანონპროექტს. არანაირი დაჩქარების მომენტი აქ არ ყოფილა. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის მომენტიც, რომ ჩვენ არ ვჩქარობთ კანონპროექტის პრეზიდენტისთვის გადაგზავნას. მე არ ვიცი, რატომ ჩქარობს პრეზიდენტი ამ კანონპროექტის მიღებას. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული შვიდდღიანი ვადა შვიდი დღის განმავლობაში, აუცილებლად გავუგზავნით პრეზიდენტს კანონპროექტს”, – განუცხადა გიორგი კახიანმა “კურიერს”.
გიორგი კახიანმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ პარლამენტში მეორე და მესამე მოსმენებს შორის, კანონპროექტში შეიძლება მხოლოდ წერტილის და მძიმის შეცვლა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა საპარლამენტო საქმიანობაში.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტს მისთვის ჯერ არ გაუგზავნია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონპროექტი, რის გამოც ჯერჯერობით ცალსახად ვერ ამბობს, დაადებს თუ არა ამ კანონს ვეტოს.
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი 14 მაისს 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 13 მაისს, ღამის 10:00 საათზე იმსჯელა ამ კანონპროექტის შესახებ, რათა მეორე დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოესწროთ მისი დამტკიცება. საპარლამენტო უმრავლესობამ ამ კანონის მისაღებად დეპუტატების მაქსიმალურად მობილიზაცია მოახდინა.