საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტს მისთვის ჯერ არ გაუგზავნია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონპროექტი, რის გამოც ჯერჯერობით ცალსახად ვერ ამბობს, დაადებს თუ არა ამ კანონს ვეტოს.
“უნდა გავეცნო კანონს მუხლობრივად და პუნქტობრივად, თუმცა ჩემი განწყობა ამ კანონის მიმართ არის უარყოფითი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა 17 მაისს ტელეკომპანია “რიონის” ეთერში.
მისი თქმით, ამ კანონთან დაკავშირებით მას და მის გუნდს აქვს შეკითხვები: რა საჭიროა ამ კანონის ასე ფორსირებულად, სწრაფ რეჟიმში მიღება? რატომ არ არიან აქტიურად ჩართულები საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები ამ პროცესში?
“ვსაუბრობთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე. რეალურად, ჩვენი სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაგებობაზე, ეს, რა თქმა უნდა, არის სასამართლო სისტემა, ეს არის საბანკო სისტემა, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა შტომ ხელისუფლებისა არ გადაქაჩოს.
ჩემთვის გაუგებარი იყო მაშინაც, შარშან, როდესაც დაიწყო ფორისრებული შეტევა ეროვნული ბანკის შესუსტებაზე. რამ განაპირობა ასეთი შეტევა, დღესაც ჩემთვის გაუგებარია. რამ განაპირობა ის ნაჩქარევი, შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომლითაც პარლამენტმა განიხილა ეს კანონპროექტი. მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი 14 მაისს 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 13 მაისს, ღამის 10:00 საათზე იმსჯელა ამ კანონპროექტის შესახებ, რათა მეორე დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოესწროთ მისი დამტკიცება. საპარლამენტო უმრავლესობამ ამ კანონის მისაღებად დეპუტატების მაქსიმალურად მობილიზაცია მოახდინა.