ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, შეიწყალებს თუ არა მარგველაშვილი “კაბელების საქმის” მსჯავრდებულებს

18 მაისი, 2016 •
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, შეიწყალებს თუ არა მარგველაშვილი “კაბელების საქმის” მსჯავრდებულებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი დეტალურად ინფორმირებულია, თუმცა იგი არ აკეთებს კომენტარს იმაზე, შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი მსჯავრდებულებს, რის შესახებაც მას დღეს “ეროვნულმა ფორუმმა” მიმართა:

“ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი  დეტალურადაა ინფორმირებული. მან ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა განცხადება აღნიშნულ საკითხზე. ცალკეულ სპეციალურ მოწოდებებზე საგანგებო განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებთ”, – თქვა აბაშიშვილმა.

“ეროვნული ფორუმი” საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“16 მაისს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი, ჩვენი იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, მსჯავრდებულთა უდანაშაულობას უფრო მიანიშნებს, ვიდრე მათ ბრალეულობას. ამავე დროს დაინტერესებულ მხარეთ ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც ყოველთვის რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლოს სისტემაში არსებული პროლემების გათვალისწინებით მომდევნო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასრუველი განვითარების თავიდან აცილების მიზნით ჩვენ, “ეროვნული ფორუმი” საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით მივმართავთ: გამოყენოს საქართველს კონსტიტუციითა და კანონმდბელობით მინიჭებული უფლებამოისლება და შეიწყალოს მსჯავრდებულები”, – განაცხადა შარტავამ.

დღეისათვის პრეზიდენტის გავლით შეწყალების ორი ვარიანტი არსებობს, ერთი – როდესაც შეწყალების მსურველები თვითონ მიმართავენ ადმინისტრაციას, რაც გარკვეულ სამართლებრივ პროცედურებთანაა დაკავშირებული. შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში  ამოწურული უნდა იყოს სასამართლო პროცედურების ვადა.

 “აპელაციის შეტანამდე მათ ერთი თვის ვადა აქვთ. თუ ამ თვის განმავლობაში არ დაწერეს აპელაცია, შემდეგ შეეძლებათ შეწყალებაზე განცხადების დაწერა, რადგან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო”, – ამბობს ქორიძე.
მსჯავრდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გვითხრა, რომ ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.
თუმცა არსებობს მეორე ვარიანტიც, როდესაც პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებით იწყალებს პირს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია “საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუქნტში ვკითხულობთ:

“საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი