ნეტგაზეთი | ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს – Netgazeti

ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც ალასანიამ რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, დებატების თემა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების, იგივე ე.წ. კაბელების საქმე იქნება. ალასანიას თქმით, ივანიშვილმა მისი დაკავება ვერ გაბედა და ხუთი ადამიანი შეწირა მსხვერპლად:

“არანაირად არ გამოვრიცხავ [რომ მეც წამიყენონ ბრალი]. ამის დიდი ალბათობაა და მე მინდა მივმართო ივანიშვილს: მე დამაკავოს, თუ მას უნდა, რომ მე ვაგო პასუხი მასთან შეუთანხმებელი ნაბიჯებისთვის, თუ მას უნდა, რომ ჩემზე იყაროს ჯავრი, მოვუწოდებ, ეს ჩემ წინააღმდეგ გააკეთოს. დღესვე მზად ვარ წავიდე ციხეში, რადგან ეს უსამართლობა იმდენად დიდი და დანაშუალებრივია, რომ ამ ოჯახების წვალებას მართლა მირჩევნია  მე ვიჯდე  ციხეში და დაველოდო იმ დროს, როდესაც ეს უსამართლობა დამთავრდება”, – განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.

დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ სილქნეტმა იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმდროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვიანებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com