ახალი ამბები

პასუხებით უკმაყოფილო ოპონენტები – დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს სხდომას დაესწრო

18 მაისი, 2016 • 2021
პასუხებით უკმაყოფილო ოპონენტები – დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს სხდომას დაესწრო

“მოვედი, რათა წერტილი დავუსვა თბილისის მერიის მიმართ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს, სიცრუეს და დავასრულო ის შოუ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს” – ასე მიესალმა 17 მაისს  თბილისის საკრებულოში შეკრებილებს თბილისის მერი დავით ნარმანია.

მერმა თბილისის ბოტანიკური ბაღის პროექტზე, საბავშვო ბაღებზე, მერიის თანამშრომლებზე გაცემულ პრემიებსა და “კრწანისი-შინდისის” ახალ გზის მშენებლობაზე ისაუბრა. ასევე უპასუხა დეპუტატთა შეკითხვებს, თუმცა მისი ოპონენტები მერის პასუხებმა არ დააკმაყოფილა.

სხდომის დასაწყისში მერი სიტყვით მიმართავდა საკრებულოს დეპუტატებს, რა დროსაც დარბაზში რამდენიმე აქტივისტი გამოჩნდა, რომლებმაც ტრანსპარანტები გაშალეს და ამ ფორმით ბოტანიკურ ბაღის ტერიტორიის გაცვლა გააპროტესტეს. თუმცა დავით ნარმანიასა და რამდენიმე დეპუტატის მითითებით მათ ტრანსპარანტები ჩამოართვეს და დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. მომხდარის შემდეგ სხდომა დროებით შეჩერდა.

ერთ-ერთი აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი თაობის” წევრი თორნიკე ბრიკაშვილი დარბაზში დაბრუნებას ცდილობდა, რის უფლებასაც მას დაცვა არ აძლევდა. ბრიკაშვილი დარბაზში მხოლოდ სხდომის დასასრულს შეუშვეს.

თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი, ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.

ნარმანიამ ხდომაზე ასევე წარმოადგინა  მერიის თანამშრომლებზე გაცემული პრემიემის სტატისტიკური მონაცემები, რომლებზეც მოცემული იყო წინა ხელისუფლებისა და ამჟმინდელი ქალაქის მთავრობის წევრების მიერ მიღებული პრემიები. მისი თქმით, 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი, 2013 წელს – 17 110,5 ათასი, 2014 წელს- 15 833,8 ათასი ლარი. 2015 წელს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში, პრემიის სახით გაცემული თანხები განახევრდა.

მერის განცხადებით, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან ამ თემაზე საუბარი უხერხულია. ნარმანიას თქმით, თანხები, რომლებიც პრემიებზე იხარჯებოდა, ახლა სოციალურ პროექტებს ხმარდება. მერმა სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, მერიის საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი.

დავით ნარმანიამ ვრცლად ისაუბრა თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრების კორექტირების საკითხზე. მერი დარწმუნებულია, რომ იმ ტერიტორიით, რომელიც გაიცვალა, ბოტანიკური ბაღი ვერ მიიღებდა სარგებელს, რადგან “თუ შეეძლო, რომ მიეღო, აქამდე გამოიყენებდა”. დავით ნარმანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ბოტანიკური ბაღი ბიძინა ივანიშვილმა განადგურებისაგან გადაარჩინა.

“ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში საზღვრების კორექტურაც და ზონის სტატუსის ცვლილებაც კანონის სრული დაცვით მოხდა. ყველა ინფორმაცია საჯაროა და შესაძლებელია გაეცნოთ,” – განაცხადა ნარმანიამ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები  მერისაგან ასევე მოითხოვდნენ “კრწანისი-შინდისის” ახალ გზის მშენებლობისათვის უკვე დახარჯული თანხის ხარჯთაღრიცხვას და ზუსტ მონაცემებს, თუმცა მერმა მისი წარმოდგენა ვერ შეძლო.

მერმა არ უპასუხა საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის შეკითხვებს. ელისაშილი დაინტერესდა, ქალაქის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ წესები გადაიხედება თუ არა და  რატომ არ ჩათვალა მერმა საჭიროდ, ქალაქისათვის ბოტანიკური ბაღის საკითხი წინასწარ გაეცნო. ელისაშვილმა სხდომა დამთავრებამდე დატოვა:

“ძალიან უმწეო იყო მისი პასუხები. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ის ცდილობდა მეათეხარისხოვანი თემა ეპოვა კითხვაში და იმაზე ესაუბრა. რა პასუხი უნდა გაეცა? ბიძინა ივანიშვილს მოუნდა თავისი ფანჯრის წინ და შემოაღობინა ნარმანიას ადგილი. ერთადერთ რაღაცას ველოდი, რომ ეთქვა, იქნებ განვიხილოთო, მაგრამ ვერ გაბედა. აი, ასეთი მერი გვყავს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

მერის პასუხებით კმაყოფილი არც “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დეპუტატი დავით ზურაბიშვილი იყო. მისი განცხადებით, მერმა არასწორი ტონი შეარჩია საკრებულოს წევრებთან სასაუბროდ:

“სამწუხაროდ, მერმა აირჩია კონფრონტაციული ტონი და პირველივე სიტყვიდან გადავიდა შეტევაზე. ეს საკითხები არ აინტერესებს მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. ის ტონი, რომელიც მან შეარჩია, არ იყო სწორი. ეს არ არის სიტყვით გამოსვლა, ეს იყო ბრალდებები სხვების მიმართ. მე ვერ მოვისმინე არგუმენტები,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით საკრებულოს სხდომა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ირაკლი აბესაძის განცხადებით, მათ ქალაქის მერისგან ვერ მოისმინეს კითხვებზე კონკრეტული პასუხი:

“როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისის მერმა ყველაფერი გააკეთა, რომ არ ესაუბრა ბოტანიკური ბაღის პრობლემაზე, არ ესაუბრა გაფლანგული ბიუჯეტის პრობლემაზე. ყურადღება გადაეტანა ძველ შეცდომებზე და ამით დაეცვა ბიძინა ივანიშვილი. ეს იყო ძალიან სამარცხვინო პრეზენტაცია, სამარცხვინო სპექტაკლი. თბილისელები დარწმუნდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერი პასუხისმგებელია ივანიშვილთან,”- განაცხადა ირაკლი აბესაძემ სხდომის დატოვების შემდეგ.

თუმცა საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი იყო თავად თბილისის მერი. მან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საკრებულოში დღევანდელი მისვლით დაასრულა შოუ, რომლისთვისაც ოპონენტები ემზადებოდნენ. ნარმანიამ აღნიშნა, რომ სხდომის შემდეგ დარწმუნდა, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ამჟამად თბილისის მერია ახორციელებს, უნდა გაგრძელდეს:

“როგორც საზოგადოებას დავპირდი, მოვედი და პასუხი გავეცი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. ასევე, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივაწოდე მათ იმ პროექტებზე და იმ მიდგომებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ.

დღევანდელმა სხდომამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს და უნდა განხორციელდეს ზუსტად იმ ფორმით, რაც დაკავშირებულია რეკრეაციული ზონის შენარჩუნებასთან და განვითარებასთან. გზის პროექტიც უნდა გაგრეძელდეს და ამით მხოლოდ მოიგებს ქალაქი და არაფერს წააგებს. დღევანდელი სხდომით დავასრულეთ შოუ, რომლისთვისაც დიდი ხანი ემზადებოდნენ ჩვენი ოპონენტები. მაგრამ მათ მოთმინება არ ეყოთ, რომ სხდომის ბოლომდე დარჩენილიყვნენ. გაიპარნენ სხდომიდან, ვინაიდან იცოდნენ, რომ უფრო მძიმე პასუხებს მიიღებდნენ. მთავარია, რომ საკრებულომ მიიღო პასუხები ამ ტრიბუნიდან,” – განაცხადა თბილისის მერმა სხდომის დასრულების შემდეგ.

რაც შეეხება საკრებულოს დარბაზიდან იმ პირების გაძევებას, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ, ნარმანია აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო:

“ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის უფლება. საკრებულოს აქვს თავისი რეგლამენტი. აქვს თავისი წესები. შესაბამისად, ამ წესების დაცვით მიდიოდა სხდომა. ზოგიერთი შეეცადა, რომ ხელი შეეშალა და ხმაური გამოეწვია და ეს იყო პოლიტიკური შოუს ნაწილი. მათ მიიღეს შესაბამისი პასუხი,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი