ახალი ამბები

ამომრჩეველთა სიების დამზუსტებელმა კომისიამ დებულების პროექტი განიხილა

21 ნოემბერი, 2011 • 1232
ამომრჩეველთა სიების დამზუსტებელმა კომისიამ დებულების პროექტი განიხილა

ცესკო
ცესკო

დებულება, რომელიც ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ  წარადგინა, არის დოკუმენტი, რომელიც განიხილავს და დაარეგულირებს კომისიის მუშაობას, მის მიმართულებებსა და სტრუქტურებს.

ასე განუმარტა ჟურნალისტებს დებულება ცესკო–ში კომისიის შეხვედრის დაწყების წინ “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კომისიის თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.

შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას სპეციალური ხუთკაციანი ჯგუფი იღებდა, დებულების პროექტის განხილვას მიეძღვნა. შეხვედრის დაწყებამდე კი აღნიშნული დებულების დამტკიცების მოლოდინი იყო.

“პროექტი უკვე შემუშავებულია მუშა ჯგუფის მიერ და როდესაც დავამტკიცებთ ამ დებულებას და როდესაც ის უკვე ხელმოწერილი იქნება კანონის თანახმად პრეზიდენტის მიერ, სწორედ ამ დებულების ფარგლებში დაიწყებს შემდეგ კომისია მუშაობასა და ფუნქციონირებას, და განახორციელებს იმ ფუნქციას, რასაც ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტება ჰქვია,”  – აღნიშნა შეხვედრის დაწყებამდე კაციტაძემ და დასძინა, რამდენად იქცევა დღესვ ეს დებულება შიდა კანონად, ამაზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

თუმცა ორსაათიანი შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა და დებულების კანონპროექტი აღნიშნულ სხდომაზე არ დამტკიცდა.

“მინდა გითხრათ, რომ საინტერესო დისკუსია გაიმართა შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. იყო ბევრი საინტერესო წინადადება, იყო კამათიც იმის გამო, რომ განსხვავებული წინადადებები ბევრი იყო. სამუშაო ჯგუფს ეთხოვა კომისიის მხრიდან, რომ მათ გაითვალისწინონ ყველა ეს წინადადება მომდევნო პროექტის შესაქმნელად,” – განაცხადა კაციტაძემ.

მისივე განცხადებით,  ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას სხვადასხვა საკითხზე აქვს საორჭოფო მოსაზრებები, რაც დებულებაში წერია. დაწყებული სამართლებრივი სტატუსიდან, გაგრძელებული სტრუქტურული ერთეულებით, წევრთა უფლებამოსილებებითა და ვალდებულებებით. მოკლედ, წინადადებები იყო ყველა თავთან და მუხლთან დაკავშირებით.

“კომისიის ყველა წევრს, დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციასა და სამოქალაქო სექტორს, მიეცემათ უფლება, რომ უახლოესი სამი დღის განმავლობაში წარმოადგინონ საკუთარი ფორმულირებები დებულებასთან დაკავშირებით და მომდევნო კვირაში, მომდევნო სხდომაზე ეს პროექტი უკვე გახდება შიდა მოხმარების დოკუმენტი. ამასთან დაკავშირებით კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ამიტომ ძირითადი დოკუმენტი, რომელზედაც უნდა აეგოს და აეწყოს კომისიის მუშაობა, მომავალი კვირისთვის უკვე კომისიას ექნება და ჩვენ დავიწყებთ უკვე სტრუქტურების კომპლექტაციას,” – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

ედპ–ს პოლიტიკური მდივნის, კომისიის წევრის  გოგა გოგნიაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა სამი დღის განმავლობაში იმუშავა დებულების პროექტზე.

“გარკვეულ საკითხებზე იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს რაიმე პრინციპულ ცვლილებებს არა, უფრო ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა. კიდევ ერთხელ მუშავდება  წინადადებები სამუშაო ჯგუფის მიერ. იქით კვირაში კი ამ დებულებას მივიღებთ. ეს წმინდა სამუშაო ტექნიკური საკითხებია,” – განაცხადა გოგნიაშვილმა.

კომისიის წევრთა განცხადებით, ამ ტიპის საორგანიზაციო საკითხები  უნდა მოესწროს უახლოეს 10 დღეში, სრუქტურის ნაწილშიც, ფუნქციების განაწილების ნაწილშიც, მუშაობის ეტაპების განსაზღვრის ნაწილშიც.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ დაიწყო ფუნქციონირება. დღეს აღნიშნულმა ჯგუფმა წარმოადგინა კომისიის მორიგ სხდომაზე დებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, როგორც სამართლებრივ სტატუსს, ასევე კომისიის ამოცანებსა და პასუხისმგებლობებს.

შეგახსენებთ, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის  პირველი სხდომა 17 ნოემბერს გაიმართა. კომისიის თავმჯდომარედ – მამუკა კაციტაძე, მის მოადგილედ “ნაციონალური მოძრაობიდან” – ლაშა მელაძე, ხოლო მდივნად არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ცენტრის” წარმომადგენელი ბადრი ნიაური აირჩიეს.

კომისიაში 7 “ნაციონალური მოძრაობის”, 7 – ოპოზიციის, ხოლო 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი