თბილისის მერმა საკრებულოს დეპუტატებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მზად არის, საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.
„მოვედი, რომ დავასრულო სიცრუის პროპაგანდა და ტირაჟირება, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების, ჩვენი თანამოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. კიდევ ერთხელ პასუხი გავცე ყველა შეკითხვას და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირები დღესაც შეეცდებიან სპექტაკლის დადგმას, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოებამ არ მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. შესაბამისად, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა თბილისელების წინაშე. მანამ, სანამ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდოდეთ, მე მინდა მივმართო თბილისელებს – გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობს, ჩვენს წარმატებულ საქმიანობას დაუპირისპიროს სიცრუე და ხელოვნური აჟიოტაჟი – ეს მათი სტილია. თუმცა ჩვენ გვაქვს ფაქტები და შეგვიძლია შევადაროთ, თუ რა კეთდებოდა ქალაქში მათი მმართველობის პერიოდში და რა კეთდება ახლა“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა აღნიშნული თემით მანიპულირებას ცდილობს, რეალურად კი, ახალი ხელისუფლების პირობებში საბავშვო ბაღების რაოდენობა იზრდება და ინერგება მაღალი სტანდარტები.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, საკრებულოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, “უხერხული” უწოდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პრემია-დანამატებზე საუბარს. ნარმანიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახით კოლოსალური თანხები გაიცემოდა.