ახალი ამბები

დაკავებული ლგბტ აქტივისტების გამოშვების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

17 მაისი, 2016 • 2127
დაკავებული ლგბტ აქტივისტების გამოშვების მოთხოვნით სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” წარმომადგენლები და სხვა მხარდამჭერები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მართავენ აქციას 17 მაისს, გამთენიისას დაკავებული ლგბტ აქტივისტების გამოშვების მოთხოვნით.
10 აქტივისტი ქუჩაში ანტიჰომოფობიური სტენსილების გაკეთების გამო დააკავეს.  ათივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი) დაკავეს, სამს კი 173–ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება პოლიცია.
10 დაკავებულიდან 3 მათგანი, რომელთაც მხოლოდ 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესი კი გადაიდო. 7 აქტივისტი ამ დრომდე დაკავებულია და დღეს სწირედ მათი პროცესი გაიმართება.
“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის”  წარმომადგენელი სოფო ტაბატაძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების გამოშვებას მოითხოვს, სახელმწიფოს შერჩევით სამართალში ადანაშაულებს. 
“ძალიან მკაფიოდ ჩანს, სახელმწიფო რომელ მხარეს არის. 2013 წლის 17 მაისს სამღვდელოება რომ დასდვდა მოსაკლავად 30 აქტივისტს, მათ დასაჭერად წლები დასჭირდათ, ხოლო ჩვენ ყოველ წვრილმანზე დაგვდევენ კუდში. ეს აშკარად შერჩევითი სამრთალია,”- ამბობს სოფო ტაბატაძე.
დაკავებული აქტივისტების სოლიდარობის აქციას 10-მდე ადამიანი ესწრება.  მხარდამჭრების ნაწილი და ადვოკატები იმყოფებიან სასამართლოს შენობაშიც და პროცესის დაწყებას ელიან.
ჯერ არ არის ცნობილი, თუ რომელ საათზე დაიწყება პროცესი.
აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული აქტივისტების გამოშვების მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი 17.05.2016

აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავებული აქტივისტების გამოშვების მოთხოვნით. ფოტო: ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი 17.05.2016

დღეს, 17 მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავენ (IDAHO). 1990 წლის ამ დღეს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.წელს, 16 მაისს საქართველოში ლგბტი უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ  ჰომოფობიის დღის აღნიშვნას ვერ ახერხებენ, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი