საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე კითხვის ნიშნები თავიდანვე არსებობდა. ომბუდსმენი განაჩენის შესწავლას გეგმავს.
დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
„ამ საქმესთან დაკავშირებით თავიდანვე იყო გარკვეული კითხვის ნიშნები. ჩვენ ასევე ვსაუბრობდით გარკვეულ პროცედურულ დარღვევებზე, მათ შორის იმაზე, რომ თავიდანვე გრიფი დაედო საქმეს, რამაც შეზღუდა ადვოკატების წვდომა მასალებზე. ჩვენ აუცილებლად გავეცნობით საქმის განაჩენს და შევისწავლით, რამდენად იყო დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება. განსაკუთრებით, როდესაც კითხვის ნიშნები ამ საქმეზე პირველივე დღიდან ნამდვილად არსებობდა. საუბარი არის იმაზე, რომ რამდენად არის დასაბუთებული მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენ უნდა ვნახოთ მტკიცებეულები და ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით იყო კითხვის ნიშნები საზოგადოებაში, მათ შორის დაცვის მხრიდან. ამიტომ ეს ყველაფერი არის განსახილველი,“ – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი 2014 წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა. ამას თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენება, ასევე კიდევ 2 მინისტრის: მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პატრიაშვილის მიერ თანამდებობების დატოვება მოჰყვა.