ქართველი ექსპერტები სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად გამოკვეთილ ორ კანდიდატს შორის არსებული დაპირისპირების შესაძლოა ესკალაციაზე საუბრობენ.
არაღიარებულ სამხრეთ ოსეთში არჩევნები 13 ნოემბერს გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50% ვერც ერთმა ვერ დააგროვა, 27 ნოემბრისთვის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
პრეზიდენტობისთვის ცხინვალის საგანგებო საქმეთა მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა იბრძოლებენ. მათ პირველ ტურში ხმათა 25-25 პროცენტი დააგროვეს.
კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, კოკოითმა თუ ძალიან გააყალბა არჩევნების შედეგები და ეს თვალშისაცემი იქნება, შეიძლება ამან სამოქალაქო ომი და დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს.
“ანატოლი ბიბილოვი აშკარად კოკოითის გუნდის წევრია და ის საზოგადოებაში აღიქმება, როგორც კოკოითის კაცი. თუმცა მას ასევე მხარს უჭერს მოსკოვიც. მოსკოვს უნდა მეტი წესრიგი და სტაბილურობა და ხედავს, რომ თუ კოკოითის გუნდი დარჩება მართველობის სისტემაში, უფრო გარანტირებულად ექნება სტაბილურობა დაცული. მაგრამ კოკოითს ჰყავს სასტიკი მტერი ძმები თედეევების სახით. ამ შემთხვევაში ჯამბულ თედეევზეა საუბარი, რომელსაც სურდა ყოფილიყო კოკოითის მეტოქე და ჰქონდა პრეტენზიები და ამბიციები კოკოითის დამარცხებისა საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ კოკოითმა ყველაფერი გააკეთა, რომ თედეევს არ ეყარა არჩევნებში კენჭი. საკანონმდებლო ცვლილებები ისე განახორციელეს, რომ ის ვეღარ იყრიდა კენჭს.
ამიტომ თედეევმა თავის კანდიდატად წამოაყენა ჯიოევა, რომელიც თავისთავად არაფერ განსაკუთრებულს არ წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თედეევის წარმომადგენელია, მას საზოგადოება მხარს უჭერს. მაგრამ კოკოითმა თუ ძალიან გააყალაბა არჩევნების შედეგები და ეს თვალშისაცემი იქნება, ამან შეიძლება სამოქალაქო ომი და დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს. გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრი იარაღი არის სამხრეთ ოსეთში. ამიტომ კოკოითმა და ბიბილოვმა უნდა გაიმარჯვონ პატიოსან და პირდაპირ ბრძოლაში, ანუ გაყალბების გარეშე, რომ დამარცხებულმა მხარემ ვერ დაუმტკიცოს გაყალბება და საზოგადოება ვერ აიყოლიოს ბიბილოვის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, დამარცხებულსა და გამარჯვებულს შორის განსხვავება იყო ძალიან ცოტა და ეს დაძაბულობის სერიოზული ფაქტორი იქნება. ანუ ბიბილოვმა უნდა გაიმარჯვოს გაყალბების გარეშე, რითიც დაპირიპირებას აიცილებენ თავიდან,” – ამბობს ზაქარეიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის მრჩევლის პოლიტიკურ საკითხებში გიორგი ვოლსკის განცხადებით, ჯიოევა ქალ ამომრჩევლებში დიდი ნდობით სარგებლობს და თუ ბიბილოვმა არჩევნები ტოტალურად არ გააყალბა, მას დიდი შანსი აქვს გამარჯვების.
“ჯიოევა გაცილებით მეტი შანსებით სარგებლობდა თავიდან და ვფიქრობ, ბიბილოვმა თუ ტოტალურად არ გააყალბა, ესე იგი იმუშავა შემდეგმა სქემამ. ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით 20 ათასამდე ცხინვალიდან და მიმდებარე სოფლებიდან დღეს ცხოვრობს ჩრდილო ოსეთში, ალანიაში. როდესაც არჩევნები დაიგეგმა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ მიუხედავად იმისა, რომ იქ ვითომ ბიბილოვს აკრიტიკებდა კოკოითი, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩრდილო ოსეთში საარჩევნო პუნქტები არ გახსნილიყო. თუმცა როკის გვირაბის მიმდებარედ, ერთ–ერთ სოფელში გახსნეს საარჩევნო უბანიჩრდილო ოსეთიდან ჩამოსულებისთვის, რომელსაც ორგანიზება მოჭიდავე თედეევმა გაუკეთა. იქ ჯიოევა ლიდერობს. მისი ლიდერობა განაპირობა კიდევ იმან, რომ ქალია და რეგიონის მოსახლეობის თითქმის ⅔ ქალებს შეადგენს. ერთი სიტყვით, აქ ქალების ფაქტორიც მოქმედებს,” – აღნიშნავს ვოლსკი.
მისივე შეფასებით, არც ერთ კანდიდატურას კრემლის პირველი პირების სერიოზული მხარდაჭერა არა აქვს, თუმცა მოსკოვს აქვს ბერკეტები, რომ გამარჯვებული დაიქვემდებაროს.
“ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იყოს ისეთი პიროვნება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოება მეტნაკლებად მხარს უჭერს და არა კრემლი. იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ჩვენსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის საუბარი შედგება და კარგი იქნება, თუ არასამართლებრივი ლეგიტიმურობა არჩეულ პიროვნებას ექნება,” – აღნიშნავს ვოლსკი.
ზაქარეიშვილის შეფასებით კი, მოსკოვი თავისთავად ერევა ამ არჩევნებში და ყველა კანდიდატი მოსკოვისაა. მისი თქმით, ოსი მოსახლეობისთვის არსებითი განსხვავება თედეევების კლანსა და კოკოითსა და ბიბილოვს შორის არ არის: “ყველა მოსკოვის ხალხია, არც პროქართველი, ან რაიმე სხვა მიმართულების. აქ საუბარია, რომელი კლანი გაიმარჯვებს და არა იმაზე, თუ რა იდეოლოგიის იქნებიან”.
კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის ზედმეტმა აქტიურობამ და ჩარევამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ადგილობრივებს შორის ანტირუსული განწყობა გაზარდოს, ექსპერტები პასუხობენ, რომ რუსეთის მხრიდან კვლავ ჩვეული უხეში ძალით ჩარევა მოსკოვისთვის სასიკეთოდ არ იმოქმედებს.
“მე ვერ ვიტყვი, რომ ეს წინააღმდეგებები კონკრეტულ ქმედებებში გადაიზარდოს, მაგრამ კრემლი მაინცდამაინც მოკავშირე და კეთილი მეზობელი არ არის, არამედ სტრატეგიული გავლენის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ჩემი შეფასებით, მაინცდამაინც არ აინტერესებს ოსი ადამიანის უფლებები და მსგავსი თემები. რუსეთისთვის გეო–სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ ტერიტორიას და საკმაო რესურსებიც გააჩნია იმისათვის, რომ მისი პოლიტიკური ხელისუფლება დაიქვემდებაროს. თუმცა ეს წინააღმდეგობები შეიმჩნევა ოს საზოგადოებაში და მათი შინაგანი განწყობები მოსკოვისთვის სასიკეთოდ არ იმოქმედებს, თუ ის ჩვეული უხეში ძალით ჩაერია პროცესებში,” – აღნიშნავს ვოლსკი.
შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს გაიმართება.