“არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც არის პრინციპული, არ გადის კონტროლს და ფილტრს არსად,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა “ქრონიკის სტუდიაში” განაცხადა.
თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ადამიანური და კოლეგიალური ურთიერთობა აქვს. მისივე განცხადებით, ივანიშვილი არ ჩარეულა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრების არჩევაში.
“ეს ურთიერთობა გრძელდება უკვე 2006 წლიდან, 10 წელია უკვე და ამაში არაბუნებრივი არაფერი არ არის. ეს არ არის არაფორმალური მმართველობა. ეს არის ჩვეულებრივი მეგობრული, კოლეგიური დამოკიდებულება. კონსილტაციებს არ გავდივარ. დღესაც თქვა და მართლა ასე იყო, ამ ადამიანების შერჩევაში არ ჩარეულა საერთოდ,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.
არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშრირებით ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას კვირიკაშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მისი კანდიდატურის წმოყენება მართლაც ივანიშვილის მხრიდან მოხდა, თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია.
“ვინც მე მიცნობს და ვინც იცის ჩემი მასთნ ურთიერთობის ისტორია, ძალიან კარგად იციან, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც რაიმე პრინციპულ საკითხში გავაკეთებ ისეთ კომპრომისს, რომელზეც მე არ ვარ თანახმა. ამას გარდა, როცა ჩვენ გვქონდა პირველი საუბარი, ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი და ჩვენ იქ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, თვითონ თქვა მან ეს და რომ აბსოლუტურად სრული თავისუფლება მექნება მე იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც უნდა მივიღო,”- განაცხადა მან.
კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობის ქონა ჩვეულებრივია:
“რაც ხდება დღეს, მე მართლა გეუბნებით, რომ მის ადგილას, კიდევ ძლაიან ბევრს ითმენს და დიდი ხნის წინ ავიცრუებდი გულს მართლა, პირადად ვამბობ. მაგრამ, რადგანაც ის გრძნობს მართლაც პასუხისმგებლობას და ის არ არის გულგრილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება, ეს ჩვეულებრივია, რომ მასთან იყოს საქმიანი ურთიერთობა. ამაში რატომ არის რაღაც ნეგატიური, ან არაბუნებრივი? არაბუნებრივი უფრო ის არ არის, რომ ოდესის გუბერნატორი, რომელიც საქართველოს მოქალაქეც არ არის, საქართველოში პარტიას მართავს. ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ვეღარ მართავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მცდელობები აქვს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.