პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პარტიის საარჩევნო სიაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის.
ეს განცხადება კობახიძემ დღეს, 14 მაისს, “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში, ხოლო, თუ რა ფორმით მოხდება ეს, გადაწყვეტილი არ არის.
“საარჩევნო სიაზე მუშაობა გრძელდება, ეს არის სამუშაო პროცესი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ მონახაზებია ჩამოყალიბებული, ეს არის შიდა სამზარეულო, ჯერჯერობით, ბუნებრივია, სიას ჩვენ ვერ გავაცხდებთ, ვერც ერთ სახელსა და გვარს ვერ დავადასტურებთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. რაც შეეხება ახალი სახეების წარდგნას, ეს ეტაპობრივად განხორციელდება,”- განაცხადა მან.
“ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭოს ახალი წევრები. ირაკლი კობახიძის თქმით, პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობის გაზრდა პოლიტკური გადაწყვეტილება იყო.
მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ პოლიტსაბჭოს წევრები შესაძლოა საარჩევნო სიაში მოხვდნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს ახალი წევრები სხვადასხვა კრიტერიუმით შეირჩნენ:
“ზუსტად იმავე კრიტერიუმების მიხედვით, რა სისტემითაც ყალიბდება ჩვენი საარჩევნო სია. გამოცდილება, პიროვნული თვისებები, სუფთა წარსული – ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელიც იყო გადამწყვეტი პოლიტიკური საბჭოს წევრების შერჩევისას,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.