ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ხელმოწერის საკითხს კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს

14 მაისი, 2016 •
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ხელმოწერის საკითხს კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველშვილი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”კანონის ხელმოწერაზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

აბაშიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას.

“ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო, როგორც პრემიერმინისტრს, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს”- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ პარლამენტის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება ასე ფორსირებულად მოხდა ისე, რომ არ არის ცნობილი ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით, უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დაელოდება კანონის გაგზავნას ადმინისტრაციაში, გამართავს კონსულტაციებს პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

დღეს, 14 მაისს დილით პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობა აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგება და პრეზიდენტს მოუწოდებს, კანონს ვეტო დაადოს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი