ახალი ამბები

“ქართული ოცნების” ყრილობაზე პრეზიდენტი არ მიუწვევიათ

13 მაისი, 2016 • 1121
“ქართული ოცნების” ყრილობაზე პრეზიდენტი არ მიუწვევიათ

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარტიის რიგით მეოთხე ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევი პრეზიდენტისთვის არ გაუგზავნიათ. “ქართული ოცნების” ყრილობა ხვალ, 16:00 საათზე სპორტის სასახლეში ჩატარდება.

“რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას ყრილობაზე, პრეზიდენტი არის არსებითად ზეპარტიული თანამდებობის პირი, რაზეც ხშირად საუბრობს ხოლმე თავად ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ამ მოსაზრებიდან გამომდინარე მას არ გაეგზავნა მოსაწვევი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები გაგზავნილია როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის.

“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ჟურნალისტებთან ამბობს, რომ იფიქრებს, მივა თუ არა ყრილობაზე.

“თვითონ ყრილობისთვის როგორც აჯობებს, ისე მოვიქცევი და არა ჩემთვის,”- განაცხადა მეჭიაურმა.

მეჭიაური უკანასკნელ პერიოდში ევროატლანტიკური კურსის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა. პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა კი 12 მაისს განაცხადა, რომ თუ მას “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად მოიაზრებენ, “გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო ვექტორთან დაკავშირებით”.

რაც შეეხება პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას, გია ვოლსკის განცხადებით, ყრილობის შემდეგ მოკლე დროში ეს საკითხი ნათელი გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი