ახალი ამბები

პრემიერი: ივანიშვილი “ქართული ოცნების” ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ჯერ არ მონაწილეობს

12 მაისი, 2016 • 1322
პრემიერი: ივანიშვილი “ქართული ოცნების” ახალი გუნდის დაკომპლექტებაში ჯერ არ მონაწილეობს

“თუ მე ამირჩევენ პარტია “ქართული ოცნების” ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო ვექტორთან დაკავშირებით,” – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეკითხვას, იქნება თუ არა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში. კვირიკაშვილმა პარტიაში ახალი სახეების გამოჩენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე ახალი გუნდის დაკომპლექტებაში მონაწილება არ მიუღია.

“ბიძინა ივანიშვილი არის პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, მე არასოდეს დამიმალავს, რომ მას გააჩნია ძალიან დიდი ავტორიტეტი არა მხოლოდ პოლიტიკურ გაერთიანება “ქართულ ოცნებაში”, მთლიანად საქართველოში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის, რომ მასთან გარკვეული კონსულტაციები პარტიის შემდგომი მშენებლობის გზაზე არსებობდეს, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. პარტიაში იქნება ნაწილი ძველი გუნდიდან წარმოდგენილი. შემდგომი გუნდის დაკომპლექტებაში ამ წუთამდე მას [ბიძინა ივანიშვილს] არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.”

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, გუნდის ახალ წევრებს პარტია უახლოეს მომავალში წარადგენს.

“ახალ სახეებს წარვადგენთ ალბათ უახლოეს მომავალში. ახალი სახეები გუნდში შეირჩა პარტიის ლიდერების მიერ. პროცესი იყო გამჭვირვალე. იყო შესარჩევი კონკურსი, გაიმართა გასაუბრებათა მთელი სერია და ამის შემდეგ შეირჩა ახალგაზრდების დიდი გუნდი. “ქართულ ოცნებასთან” შეერთების ინტერესი გუნდში, რომელიც დაკომპლექტდება როგორც ახალი წევრებით, ასევე დარჩებიან ძველი წევრები, ძალიან დიდია,” – განაცხადა პრემიერმა.

14 მაისს პარტია “ქართული ოცნების” ყრილობაა დაგეგმილი, რომელზეც აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და დამტკიცდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ყრილობას წარედგინება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი