ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგება

13 მაისი, 2016 •
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 14-15 მაისს აზერბაიჯანში, გაბალას რაიონში საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრები ჩავლენ. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო APA ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ გასანოვმა სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად თინათინ ხიდაშელი და თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ისმეტ ილმაზი მიიწვია.

სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ერთმანეთს 2015 წლის 17 დეკემბერს თურქეთში შეხვდა. მხარეებმა მაშინ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლებს შორის 2015 წლის მაისშიც გაიმართა. თუმცა მაშინ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს და თურქეთის გენშტაბების ხელმძღვანელები, ვახტანგ კაპანაძე და ნეჯეტ ოზელი შეხვდნენ. ოფიციალური ბაქოს მაშინდელი ცნობით, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიზნით, შეხვედრზე საკოორდინაციო ჯგუფის შექმნა გადაწყდა – “სტრუქტურის მიზანი იქნება ერთობლივი სწავლების, კურსებისა და ტრენინგების ორგანიზება, ასევე, განათლებისა და მედიცინის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე კოორდინირებული მოქმედებები, გამოცდილების გაცვლა”.

14-15 მაისის შეხვედრის დღის წესრიგი, ამ ეტაპზე არ გამხდარა საჯარო.

თინათინ ხიდაშელი, ზაქირ გასანოვი, ისმეტ ილმაზი; 2015 წლის 17 დეკემბერი; ფოტო: trend.az

თინათინ ხიდაშელი, ზაქირ გასანოვი, ისმეტ ილმაზი; 2015 წლის 17 დეკემბერი; ფოტო: trend.az

მასალების გადაბეჭდვის წესი