ცხინვალის გადაწყვეტილებით, თბილისი-ახალგორის გამშვებ პუნქტზე რამდენიმეთვიანი შეზღუდვის შემდეგ სავაჭრო ტვირთის მოძრაობა განახლდა. შედეგად, გამშვებ პუნქტთან რამდენიმე დღეა საცობია შექმნილი, რაც თბილისი-ახალგორის მგზავრების დროულად გადაადგილებას აფერხებს და ამ მარშრუტისთვის საჭირო 1.30 საათის ნაცვლად მგზავრებს თითქმის 3 საათი სჭირდებათ.
სავაჭრო ტვირთი, ძირითადად, ხილი და ბოსტნეული, ახალგორის მიმართულებით ყველაზე ხშირად მცირე ბიზნესით დაკავებულ ახალგორელებს გადააქვთ. აღნიშნული პროდუქცია, ცხინვალელი პარტნიორების დაკვეთით, ახალგორის გავლით უკვე ცხინვალში ხვდება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის განკარგულებით, თითოეული მოქალაქისთვის დღის განმავლობაში ორჯერ, მხოლოდ 50 კგ ტვირთის შეტანა არის დასაშვები. ამავე განკარგულებით აკრძალულია სატვირთო მანქანების გადაადგილება, რის გამოც გადამზიდავებს რამდენიმე რეისის შესრულება უწევთ.
2015 წელს ცხინვალში ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნეს, რომლის შესაბამისადაც, კვირის განმავლობაში ახალგორიდან ცხინვალში 18 ტონა მხოლოდ მწვანილი შედის.
გამშვებ პუნქტზე ტვირთის აწონვა არ ხდება. ცხინვალის მიერ დანიშნული საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები ტვირთის წონას თვალის ზომით აფასებენ.
ბოლო წლებში პროდუქციის შეტანა თბილისიდან დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსავლის ძირითად წაყროდ იქცა ახალგორელებისა და მათი ცხინვალელი პარტნიორებისათვის.