ახალი ამბები

საპროცედურო კომიტეტმა პარლამენტში კორუფციის პრევენციის კომიტეტის შექმნას მხარი არ დაუჭირა

10 მაისი, 2016 • 1655
საპროცედურო კომიტეტმა პარლამენტში კორუფციის პრევენციის კომიტეტის შექმნას მხარი  არ დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს. პროექტის მიხედვით, პარლამენტში “კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი” უნდა შეიქმნას.

კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და კორუფციის პრევენციის კომიტეტი ახორციელებს საპარლამენტო კონტროლს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების, პროგრამების და მექანიზმების მუშაობის ეფექტურობაზე; ასევე, შეუიმუშავებს ან/და განიხილავს კანონპროექტებს, წინადადებებს, შემოთავაზებებს და პოლიტიკის ხედვებს კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის, ინფორმაციის თავისუფლების, კორუფციის პრევენციის რეფორმებთან მიმართებაში;

კომიტეტი ახორციელებს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლს; დ) ზედამხედველობს ანტიკორუფციული საბჭოს საქმიანობას; ამასთან, საკუთარი ინიციატივით ან მოქალაქის განცხადების საფუძველზე იკვლევს კორუფციულ ქმედებებს, ნეპოტიზმის ფაქტებს, ინფორმაციის თავისუფლების, გამჭვირვალეობის და ანგარიშვალდებულების კანონმდებლობის და პრინციპების დარღვევას, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს, აქვს სისტემური დარღვევის ან/და ინსტიტუციური ხარვეზის ნიშნები, წარმოადგენს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს; ვ) ზედამხედველობს მამხილებელთა დაცვის პოლიტიკას და იკვლევს მამხილებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს; კომიტეტი შეიმუშავებს და საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის და ანტიკორუფციულ პოლიტიკის ეფექტიანობის და მდგომარების შესახებ.

გარდა ამისა,  კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს კომიტეტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ხოლო  კომიტეტის თავმჯდომარეს ირჩევს საპარლამენტო უმცირესობა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო კომიტეტის მეორე მოადგილეს ირჩევენ ის დეპუტატები, ვინც არ შედიან არც უმრავლესობის და არც უმცირესობის შემადგენლობაში.

პროექტის მიხედვით, საჯარო მოხელეები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან, ანტიკორუფციული კომიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინონ კომიტეტის მოთხოვნილი ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა საჭირო მასალები.

კომიტეტის მოთხვნის შემთხვევაში ფიზიკური პირები, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა საჯარო მოხელეები ვალდებული არიან წარადგინონ ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა-განმარტებები, შესაბამის მოსმენებზე უპასუხონ კომიტეტის წევრების დასმულ კითხვებს. 6. კომიტეტზე საკითხის ინიცირების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს, მოადგილეებს ან მინიმუმ კომიტეტის სიითი შემადგენლობის ნახევარს.

კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სხვა საგამოძიებო უწყებები ვალდებული არიან კომიტეტს მიაწოდონ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები და ამ საქმეებთან დაკავშირებული მასალები, თუ კომიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში მოიპოვება მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისათვის საჭირო მონაცემები. ხოლო  მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება ჩამოერთმევა კომიტეტის სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილები,თ კომისიას შეუძლია ახსნა- განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს აფრთხილებენ ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისათვის, ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისათვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა- განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ახსნა- განმარტების მიცემის პროცესს შეიძლება ესწრებოდეს გამოსაკითხი პირის ინტერესების დამცველი.

საკითხის შესწავლის შემდეგ კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას და რეკონმენდაციებს. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, დასკვნას დაურთოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება დასკვნასთან ერთად.  კომიტეტს უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა, შემოწმების და  ფუნქციების განხორციელების შედეგად მიმართოს რეკომენდაციით შესაბამის სახელმწიფო უწყებას ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

პირი, რომელიც აწვდის ინფორმაციას კომიტეტს, სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებით.  კომიტეტის სხდომები, კომიტეტის დასკვნები და ღია სხდომების სტენოგრამა საჯაროა. დასკვნები და სტენოგრამა ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე. გამონაკლისის სახით კომიტეტის სხდომა მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება დაიხუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით.  კომიტეტთან ასევე იქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიქმნას თემატური სამუშაო ჯგუფები.“

“პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ხშირად დგება ქვეყანაში საპარლამენტო კონტროლის განხორციელების აუცილებლობა კარგი მმართველობის, გამჭვირვალეობის ანტიკორუფციული ინსტიტუტების, პროგრამებისა და მექანიზმების მუშაობის ეფექტიანობაზე, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის და სხვა ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლი, ასევე საჭიროა ანტიკორუფციული თემების მონიტორინგიც.,”- აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის ავტორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციაა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ამ  ინიციატივას 3 მომხრით 6-ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი