ახალი ამბები

ელისაშვილი: რასაც პოლიცია სასამართლოში ამბობს ჩვენს დაკავებაზე, არაადეკვატურია

10 მაისი, 2016 • 1242
ელისაშვილი: რასაც პოლიცია სასამართლოში ამბობს ჩვენს დაკავებაზე, არაადეკვატურია

“პირადად მე ნამდვილად ვუწევდი წინააღმდეგობას პოლიციას, მინდოდა, რომ არ დაეკავებინათ ერთ-ერთი დემონსტრანტი, მაგრამ აქ საკითხი ის არის, რომ პოლიცია როგორ იქცეოდა. სასამართლოზე ამბობენ, რომ იმიტომ არ ვუშვებდით ტერიტორიაზე, რომ ჩაფხუტები არ ეხურათ და თავში რამე რომ არ დასცემოდათ, ამიტომ დავაკავეთ და მანქანაში ჩავსვითო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან არაადეკვატურია და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ. მე პირადად წინააღმდეგობას ნამდვილად ვუწევდი, მაგრამ მათ რატომ დაიწყეს დაკავება – ამაშია საქმე.

შესვლის მცდელობა იყო, არც ამას უარვყოფ ნამდვილად, მაგრამ უბრალოდ ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა უკანონობა, რაც წავკისის ხეობაში, იმ ხევში ხდება კლდის მოჭრის სახით. ძალიან მშვიდობიანი და ძალიან მარტივი მიზანი გვქონდა, რომ უბრალოდ გვეჩვენებინა. 100 მეტრის შესვლის საშუალება არ მოგვცეს, იქ რომ შევსულიყავით, რას ვიზამდით, შევვარდებოდით სადმე, თუ კლდეს რას ვუზამდით? უსაფრთხოების პრობლემა იქ არ იყო, ჩაფხუტები ელაგა და თუ ასე ძალიან უნდოდათ, ეთქვათ, რომ ჩაფხუტები დაიხურეთ, დავიხურავდით და შევიდოდით მათთან ერთად,” – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილი 7 მაისს თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავეს. იგი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 250 ლარით დააჯარიმა.

ალეკო ელისაშვილმა ეს განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარტიზანი მებაღის, ნატა ფერაძის პროცესის დაწყების წინ გააკეთა. პატრული მას 7 მაისის აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი). რაც შეეხება ნატა ფერაძის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, მისი ადვოკატის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება მომდინარეობს.

ადვოკატის ცნობით, ნატა ფერაძის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა, რომელ საათზე გაიმართება, ამ ეტაპზე უცნობია. “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენლები და მხარდამჭერები პროცესის დაწყებას თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი