ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: არ მგონია, ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებდეს

9 მაისი, 2016 • 1259
დავით უსუფაშვილი: არ მგონია, ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ვისაც ევროატლანტიკურ კურსთან პრობლემა აქვს, პირველ რიგში, ის ადამიანები უნდა ჩამოყალიბდნენ.

დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საქმე ეხება უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებულ ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების საწინააღმდეგო განცხადებას, რასაც მოჰყვა რესპუბლიკელი მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის პასუხი იმის შესახებ, რომ  “ქართული ოცნება” მეჭიაურის პოზიციასთან დაკავშირებით დუმდა. პრემიერ-მინისტრმა კი ზაქარეიშვილის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მინისტრის მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის კრიტიკა მიუღებელია.

“მე არ მგონია, რომ დღეს გვაქვს საქმე იმ შემთხვევასთან, როცა ვინმე გადადგომას აპირებს, ან ვინმე ვინმეს გადაყენებას აპირებს. კონკრეტული საკითხი, რასაც მოჰყვა საჯარო განცხადება მინისტრის, შემდგომ პრემიერ-მინისტრის, არის ძალიან კონკრეტული საკითხი. მე მოხარული ვარ, რომ ამ კონკრეტულ საკითხში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და რესპუბლიკელი მინისტრი ზაქარეიშვილი, ისევე როგორც ყველა რესპუბლიკელი, ვართ თანამოაზრე და ვამბობთ იმას, რომ ის განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს საერთო კურსს, გაცხადებულს პრემიერ-მინისტრის, მინისტრ ზაქარეიშვილის, მინისტრ ხიდაშელის, პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილის, თავმჯდომარის მოადგილე კობახიძის, ქართული ოცნების სხვა ლიდერების არაერთხელ გაცხადებულ კურსს, როგორმე მას უნდა გავუმკლავდეთ. იმიტომ, რომ ამ ტიპის განცხადებები, რომ თითქოს საქართველოს აღარ უნდა იმ პროცესში ყოფნა, რა პროცესშიც დღესაც იმყოფება, და ჩემს მიერ ჩამოთვლილი პირები ყველა ერთხმად და ცალსახად მიანიშნებენ ამ კურსის ურყევობაზე, ვისაც ამ კურსთან აქვს პრობლემა, მე მგონი, პირველ რიგში, ის ხალხია ჩამოსაყალიბებელი ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. თანამოაზრეები ვინც ვართ ამ საქმეში, ჩვენ უნდა დავრჩეთ თანამეაზრეები, ერთად ვიქნებით პარლამენტში, მთავრობაში თუ სხვაგვარად მოხდება უახლოეს მომავალში არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნებს, რასაც მეჭიაურის კრიტიკული განცხადება შეეხებოდა, რუსული მხარე  “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი