დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ მის ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის. გამოცემამ დუმბაძესთან ინტერვიუ სათაურით – “თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო”, გამოაქვეყნა.
გელა დუმბაძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული ინტერვიუს სათაურის წაკითხვისას “უაღრესად შეწუხდა:
“რადგანაც თუნდაც ამ ერთ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ წინადადებაში წარმოჩენილი პათოსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ჩემი საუბრის სტილს და ზოგადად – ცხოვრებისეულ ფილოსოფიას.
ჩემი ყოველდღიური საქმიანობის წამოებისას, საჯარო გამოსვლებისას- პარლამენტში საკომიტეტო მოსმენა იქნება ეს, თუ სხვადასხვა უამრავი ფორუმი- უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შრომასა და ღვაწლს მუდამ სოციალურ გმირობას ვადარებ. ხაზს ვუსვამ იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი, განსაკუთრებით ქალბატონები, უდიდეს ძალისხმევას იჩენენ საქართველოში უამრავი ოჯახის შესანახად. სწორედ მათ მხრებზე გადაიარა ჩვენი ქვეყნის ურთულესმა წლებმა. აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული დაფასების და პატივისცემის ღირსნი არიან,”- აღნიშნულია განცხადებაში.
გელა დუმბაძე “ინტერპრეტირებული ფრაზის” გამო ბოდიშს იხდის და დაინტერესებულ ადამიანებს იტერვიუს სრულად წაკითხვას სთხოვს:
“ლოგიკურია, ხსენებული ინტერვიუს დასაწყისში წარმოჩენილი პათოსი ვერაფრით შეესაბამება და ოდნავაც არ ასახავს ჩვენი საქმიანობის პრინციპებს და თანამემამულეებისადმი დამოკიდებულების სულისკვეთებას. გულწრფელად განვიცდი და ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც თუნდაც ინტერპრეტირებული ფრაზის გამო გული ეტკინა და თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.
ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვთხოვ, გაეცნონ ამ ინტერვიუს. დარწმუნებული ვარ, რომ მკითხველი სტატიაში სწორ გზავნილებს და კეთილგანწყობას ამოიკითხავს.”
“კვირის პალიტრამ” ინტერვიუ 6 მაისს გამოქვეყნა. გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას დუმბაძემ განაცხადა:
” დაახლოებით 7 წლის წინ დაუძახეს ხალხს, ისინიც ჩამოვიდნენ იმ იმედით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ქვეყანაში ყველა აუცილებელი პირობა იქნებოდა და შეეჩეხნენ აბსოლუტურად სხვა რეალობას, ბოლო დანაზოგიც დახარჯეს და დიდი გაჭირვებით დაბრუნდნენ ისევ იმ ქვეყნებში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ… ახლა ძალიან რთული იქნება დააჯერო, რომ დაბრუნდნენ, ამიტომაც ძალიან გულწრფელი დიალოგი გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან. ყოველგვარი შელამაზების გარეშე ვუხსნით რეალობას… იმ საქმით, რითაც ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში არიან დაკავებული, საქართველოშიც შეიძლება დასაქმდე. თუ საზღვარგარეთ კადრულობენ, აქაც არის მსგავსი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს თუნდაც მესამედ შემოსავალს.”
ამ განცხადების გამო მოქალაქეების ნაწილმა პრემიერ-მინისტრს საკითხის სრული გარკვევა სთხოვა, ხოლო სრულ გარკვევამდე გელა დუმბაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეთა მოითხოვეს.
“ბატონო პრემიერო, ჩვენს გვაქვს მოლოდინი და ღრმად გვწამს, რომ თქვენ, როგორც ხელისუფლების ხელმძღვანელი, აბსოლუტურად ემიჯნებით ბ-ნი გელას პირად მოსაზრებებს, დგახართ და იდგებით ჩვენს გვერდით, თქვენი თანამოქალაქეების გვერდით, რომლებიც დღეს თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ და მუდმივად დაიცავთ ჩვენს სახელსა და ღირსებას. სწორედ ამიტომ, ბ-ნო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, რათა მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება.
ამჟამად მოქმედ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ბ-ნ გელა დუმბაძეს საკითხის სრულ გარკვევამდე შეუწყდეს აღნიშნულ თანამდებობაზე უფლებამოსილება და გადაყენებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან,”- აღნიშნულია მოქალაქეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.