25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფლები, ჯერ კიდევ გადასადგმელია, – ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა თბილისის ოპერის თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
8 მაისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გალაკონცერტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი პირველი ლედისთან ერთად დაესწრო.
„25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ თავისუფლები, ჯერ კიდევ გადასადგმელია. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ღირებულებების, ევროპული ღირებულებების იდენტური საზოგადოება. საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია თავისუფლების იდეალებზე. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ხარ ინდივიდი, გაქვს შენი ღირებულებები და შეხედულებები და ამავდროულად შენ აღიარებ სხვის თავისუფლებას და შეხედულებებს, იფიქროს და იცხოვროს შენგან განსხვავებულად. ასე ვცხოვრობდით საუკუნეების განმავლობაში, ასეთი კულტურა შევქმენით ჩვენ. ახლა საჭიროა, ეს კულტურა გადაიზარდოს სახელმწიფოებრივ სისტემაში. ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარებიან ჩვენი ევროპელი კოლეგები,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახისკენ. მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდება:
“ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ხელმძღვანელობაც ძალიან ნათელი და მტკიცე ნაბიჯებით მიდის ევროპული ოჯახის სივრცისკენ, ამას მეტყველებს ჩვენს მიერ დადებული ხელშეკრულებები, ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება საქართველოში და ამის ნათელი დადასტურება იქნება ის ევროპული სტანდარტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება წელს და რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ძალიან აქტიურად ჩაერთვება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის მომავალი გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება ამ გზაზე. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი, მე ამაში დარწმუნებული ვარ!”
ევროპის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტი
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს დაესწრნენ. პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
Posted by Giorgi Margvelashvili on Sunday, May 8, 2016
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, ფიქრია ჩიხრაძე, მაია მელიქიძე, ალექსანდრე ბარბაქაძე, სოფიო შამანიდი. კონცერტის შემდეგ საპატიო სტუმრებისთვის მიღება გაიმართა.