ახალი ამბები

აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

8 მაისი, 2016 • 1326
აშშ-ის ელჩზე თავდასხმის მუქარაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

აშშ-ის ელჩზე თავდასხმაში ბრალდებული სულხან წულაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. წულაძის ადვოკატებმა დააყენეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. სულხან წულაძემ გირაოს სახით 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

საქალაქო სასამართლოში სულხან წულაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს არის ჩანიშნული.

სულხან წულაძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლომ 15 აპრილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრიმრობა შეუფარდა, საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე თავდასხმის მუქარაშია ბრალდებული (სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მეორე ნაწილი).

როგორც დაკავებულის ოჯახი აცხადებს, სულხან წულაძე დააკავეს იმიტომ, რომ forum.ge-ზე გახსნა სახუმარო თემა, სადაც აშშ-ის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა.

გავრცელებულ განცხადებაში ოჯახი აღწერს, რომ წულაძემ ფორუმზე რამდენიმე დღის წინ გახსნილ თემაში “გამოიყენა Google Earth-იდან ამოღებული ფოტო, რომელიც აშშ-ის საელჩოს და მიმდებარე ტერიტორიის ადგილმდებარეობას ასახავდა. როგორც შემდგომში გაირკვა, სულხან წულაძემ შესაძლო თავდასხმის სცენარი გადმოიღო ცნობილი ამერიკული სერიალიდან “Homeland”, სადაც მოქმედებები მის მიერ აღწერილი სცენარის ანალოგიურად ვითარდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი