ნეტგაზეთი | საია პროკურატურას მოუწოდებს, სულხან წულაძის საქმეში მტკიცებულებები გაასაჯაროოს საია პროკურატურას მოუწოდებს, სულხან წულაძის საქმეში მტკიცებულებები გაასაჯაროოს – Netgazeti
Batumelebi | RU

საია პროკურატურას მოუწოდებს, სულხან წულაძის საქმეში მტკიცებულებები გაასაჯაროოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთ ასოციაცია აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩზე თავდასხმაში ბრალდებულ სულხან წულაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ განჩინება დაუსაბუთებელია – არ შეესაბამება არც ქვეყნის კანონმდებლობას და არც საერთაშორისო კონვენციებით დადგენილ სტანდარტებს.

2016 წლის 15 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს პროკურორების შუამდგომლობა თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებლის, სულხან წულაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. 20 აპრილს კი სააპელაციო სასამართლომ განჩინება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე ძალაში დატოვა.

ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტფორუმზე გაკეთებული განცხადების გამო სულხან წულაძეს ბრალი ედება საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე და მის სამსახურებრივ შენობაზე თავდასხმის მუქარაში, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 326-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 12 წლამდე ვადით. საიას განცხადებით, ბრალდებულს პროკურატურა ედავება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და მისი ელჩის განზრახ დაშინების მიზნით  თავდასხმის მუქარაში.

საია აცხადებს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტებს.

“განჩინება არის დაუსაბუთებელი, რადგან მასში განვითარებული მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა და კანონიერება არ არის გამყარებული საქმეში არსებული კონკრეტული ფაქტებითა და ინფორმაციის ერთობლიობით,”- აცხადებს საია.

საია განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა პროკურატურას ამგვარ ვალდებულებას პირდაპირ არ აკისრებს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ პირის კონსტიტუციური უფლებების დაცვით უნდა გაასაჯაროოს ის მტკიცებულებები, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აქტიურად მიადევნებენ თვალს ამ საქმეს და საზოგადოებას მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი