ახალი ამბები

ელისაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში

7 მაისი, 2016 •
ელისაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში

თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი უკვე გადაყვანილია სასამართლოში, სადაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა მას ადმინისტრაციულ სანქციას. სასამართლო სხდომის დაწყებამდე ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

“იმ ერთ კაცს, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველო არის შპს და შეუძლია ქვეყანას თავზე დააჯდეს და ყველაფერი განკარგოს, როგორც უნდა, ამ კაცს უნდა შევაგნებინოთ, რომ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში სხვებიც ვცხოვრობთ და არ შეიძლება, შენ როგორი ხუშტური გაქვს, აი, ისე მოიქცე. შევაგნებინებთ და ყველაფერს გავაკეთებ მე პირადად იმისთვის, რომ აი, ის ტერიტორია, რომელიც ეშმაკურად და მაქინაციურად ჩაიგდო ხელში, დაუბრუნოს უკან ქალაქს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ, მაინც მე ჩემსას გავაკეთებ. დაუბრუნდება ეს ტერიტორია ქალაქს და ბოდიშის მოხდა მოუწევს ივანიშვილს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღევანდელ აქციაზე, რომელიც საზოგადოებრივმა გაერთიანებამ “ერთად” თბილისში ბიძინა ივანიშვილის პროექტების წინააღმდეგ გამართა, დაკავებულია 6 პირი, მათ შორისაა თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი.

შსს-ს ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამას გარდა, დღევანდელ აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, კერძოდ, მანქანა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როცა ისინი ცდილობდნენ იმ ადგილამდე მისვლას, სადაც უნდა აშენდეს პანორამა თბილისი, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი